თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი ამოცანაა, ერთხელ და სამუდამოდ, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც დროს გაუძლებს
ჩვენი ამოცანაა, ერთხელ და სამუდამოდ, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არ გახდება ხელახლა დისკუსიის, განხილვების, კრიტიკის საგანი, – ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელმაც საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომის გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, მისი მიზანია, დოკუმენტმა გაუძლოს დროს და იყოს ქვეყნის განვითარების გზამკვლევი.
“ერთხელ უკვე მქონდა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მიმეღო მონაწილეობა. ეს იყო წინა კომისიის განმავლობაში და ეს იყო ძალიან მძიმე გამოცდილება, ძალიან რთული და ხანგრძლივი სამუშაო პროცესი. სამწუხაროდ, საუკეთესო შედეგებითაც არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შედეგები ამჯერად იქნება ბევრად უფრო უკეთესი და საუკეთესოც კი. ჩვენი სურვილი და ამოცანაა, ალბათ ამ რთულ სიტუაციაში არაფერი არ შეგვაბიჯებინებდა, გარდა იმისა, რომ გამოვიყენოთ ეს საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც მოგვეცა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არ გახდება ხელახლა დისკუსიის, განხილვების, კრიტიკის საგანი არამედ, საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება შეთანხმებული, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არის მთავარი გზამკვლევი ქვეყნის განვითარების. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ, რომ ასეთი დოკუმენტი მივიღოთ, რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესის შემდგომ”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.