ვლადიმერ პუტინი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე – დემოკრატიულმა პარტიამ სენატის და კონგრესის არჩევნებიც წააგო, რა, ესეც მე გავაკეთე?

აშშ-ს მოქმედი ხელმძღვანელობა ცდილობს, მისი წარუმატებლობა და მარცხი გარე ფაქტორებს დააბრალოს, – აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე წუთის წინ, შემაჯამებელი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას გაახმოვანა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.
„ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიულმა პარტიამ არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ სენატის და კონგრესის არჩევნებიც წააგო, სადაც რესპუბლიკელები დაწინაურდნენ. რა, ესეც მე გავაკეთე? ეს ასე არ არის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას რიგი პრობლემები აქვს“, – განაცხადა პუტინმა. მისივე მტკიცებით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები დამარცხების „რიგი მიზეზებით“ გამართლებას ცდილობენ, რაც მიუღებელია.
„ეს მათ ღირსებას ლახავს, რადგან ადამიანს ღირსეულად დამარცხებაც უნდა შეეძლოს. თუმცა, მე გულწრფელად ვისურვებდი, რომ ჩვენ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობები გვქონოდა როგორც პრეზიდენტთან, ისე რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წევრებთან ისე, რომ სარგებელი მოგვეტანა ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ერთი საკმაოდ საინტერესო ფრაზაც გააჟღერა, რომელმაც დარბაზში სიცილი და აპლოდისმენდები დაიმსახურა. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე და ქვეყნის მიერ ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა, მის გარდა არავის სჯეროდა.
„რონალდ რეიგანს აუცილებლად გაახარებდა ის ფაქტი, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები ყველგან იმარჯვებდნენ, მათ შორის, ახალი პრეზიდენტიც და მისი გამარჯვების შესახებ ჩემ და თქვენ გარდა არავის სჯეროდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში დასდო ბრალი. რუსული მხარე აცხადებდა, რომ ბრალდებებზე მტკიცებულებების გარეშე საუბარი მიუღებელი იყო. თავად ტრამპმა კი თეთრი სახლის პრესსპიკერს აღნიშნული განცხადების გამო “სულელი ბიჭი” უწოდა.
წყარო: cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები