ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილს დანიაში ეძებენ
ბერლინში 19 დეკემბრის ტერაქტში ეჭვმიტანილს, ტუნისელ ანის ამრის დანიაში ეძებენ. პოლიციამ დანიის პორტ გრენოდან შვედეთის ქალაქ ვარბერგში მიმავალი ბორანი გაჩხრიკა, ვინაიდან არსებობდა ეჭვი, რომ მის ბორტზე ამრი იმყოფებოდა.
ბორნის ჩხრეკა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სამართალდამცველებმა ანის ამრი ვერ იპოვეს. ჩხრეკა როგორც გემის, ასევე პორტის ტერიტორიაზე ჩატარდა. ჩხრეკა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციაში მამაკაცმა დარეკა და პორტის ტერიტორიაზე ეჭვმიტანილის ყოფნის შესახებ აცნობა.
ტერაქტი ბერლინის საშობაო ბაზრობაზე 19 დეკემბერს საღამოს მოხდა. ტერორისტი სატვირთო მანქანით საშობაო ბაზრობაზე შევარდა. დაიღუპა 12 და დაშავდა 50 ადამიანი.