“ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირისთვის სასამართლომ ვარვარა კარაულოვას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მოსკოვის საოლქო სასამართლომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტს ვარვარა კარაულოვას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კარაულოვას „ისლამური სახელმწიფოსთან“ მიერთების მცდელობისთვის გაასამართლეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, ვარვარა კარაულოვა რადიკალურ ისლამისტურ იდეებს მხარს უჭერდა და ჯიჰადს, ანუ მუსლიმანთა „წმინდა ომს“  ამართლებდა.
სასამართლოს განაჩენში წერია, კარაულოვა ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის ემზადებოდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
თავად კარაულოვა საკუთარ საქციელს „მოზარდის ამბოხს“ უწოდებს. მან განაცხადა, რომ დანაშაული აღიარა და ახლობლებს ბოდიში მოუხადა.
გოგონამ ასევე აღიარა, რომ მას “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ „ბოევიკთან“ რომანტიული გრძნობები აკავშირებდა.
ვარვარა კარაულოვა 2015 წლის მაისში დაიკარგა. მოგიანებით გაირკვა, რომ ის ჩუმად გაფრინდა თურქეთში, სადაც გოგონა სირიის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს დააკავეს. შემდეგ კარაულოვა რუსეთში იყო დეპორტირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები