თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთთან ერთად ელჩის მკვლელობის გახსნის პირობას დებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ პირობას დებს, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის საქმე გახსნილი იქნება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. დღესვე ანკარაში რუსეთის ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი ჩაფრინდა.
ჩავუშოღლუ კი დღეს მოსკოვში ჩაფრინდა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრამდე მინისტრებმა თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის ფოტო ყვავილებით შეამკეს. ელჩი ორშაბათს საღამოს თურქეთის დედაქალაქში მოკლეს.
„ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ვინ დგას ამ საზარელი მკვლელობის უკან. ერთობლივი ძალისხმევით, ამას შევძლებთ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ლავროვმაც იმედი გამოთქვა, რომ ტერაქტი უმოკლეს დროში იქნება გამოძიებული.