ბერლინის პოლიციამ საშობაო ბაზრობაზე მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა
“ბერლინის ცენტრში მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც სატვირთო მანქანა ხალხმრავალ საშობაო ბაზრობაზე შევარდა, მიზანმიმართული თავდასხმა იყო”, – ამის შესახებ ბერლინის პოლიციამ განაცხადა.
“ჩვენი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სატვირთო მანქანა განზრახ მიმართეს ხალხისკენ ბრაიტშაიდპლატცის მოედანზე, საშობაო ბაზრობაზე”, – ნათქვამია ბერლინის პოლიციის მიერ “ტვიტერში” გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პოლიციამ დაადასტურა, რომ მგზავრი, რომელიც სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, პოლონეთის მოქალაქეა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა. საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და 50-80 მეტრი გაიარა. დაიღუპა 12 ადამიანი, 48 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
პოლონურ კომპანიაში, რომელსაც მანქანა ეკუთვნოდა, განაცხადეს, რომ მძღოლთან კავშირი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკარგეს.
მომხდარი ინციდენტიდან მალევე, სამართალდამცველებმა დააკავეს სატვირთო მანქანის სავარაუდო მძღოლი. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ის მიგრანტია, რომელიც 2016 წლის თებერვალში გერმანიაში ავღანეთიდან ან პაკისტანიდან ჩავიდა.