გიორგი კვირიკაშვილი: ვისურვებდი, რომ მომავალ წელს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, იყოს პირველ რიგში მშვიდობა

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, მეუღლეებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ერთობლივ წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყველას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა და ბედნიერება უსურვა.
„2016 წელი გახლდათ, როგორც მიღწევების, ასევე – გამოწვევების წელი. ვისურვებდი, რომ მომავალ წელს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, იყოს პირველ რიგში მშვიდობა, მეტი პოზიტივი და უფრო ნაკლები ნეგატივი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი საუბრისას, სირიაში „უაღრესი დრამატიზმით“ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და სირიის მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ჩვენც, როგორც კაცობრიობის წარმომადგენლებმა, გვინდა, გამოვხატოთ სოლიდარობა იქ, უაღრესად დიდ გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ. ასევე გამოვთქვამთ მზადყოფნას, როგორმე გავუადვილოთ, შევუმსუბუქოთ ის ტვირთი, რომელიც მათ ბედმა არგუნა“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა, საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მეგობრებს, საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, ქვეყნის მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ქვეყნის დასავლური, დემოკრატიული განვითარების ვექტორი გახლავთ უმნიშვნელოვანესი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის ყოფის გასაუმჯობესებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ამისთვის, ჩვენს მოსახლეობას უწევს ბევრი სირთულის გადალახვა, მაგრამ ჩვენ, ყველანი, მთელი ქვეყანა, ვართ იმედით აღსავსე, რადგან ყველას გვაქვს გათავისებული სისწორე იმ გზისა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ. ჩვენ ვართ იმედით აღსავსე, იმიტომ, რომ ასეთი მეგობრები გვყავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ მშვიდობას და ბედნიერებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. სადღესასწაულო მიღებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები