სოხუმში მიმდინარე აქციის პარალელურად, რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომაზე უარს აცხადებს. განცხადება მან ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 
“მე მათ ვუთხარი, რომ გადადგომას არ ვაპირებ. მათ თქვეს, რომ პრეზიდენტის გადადგომის გარდა, სხვა საკითხის განხილვის უფლებამოსილება არ აქვთ. ჩვენ შევთანხმდით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე”, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
სოხუმში ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა.როგორც ოპოზიციური ბლოკის თანათავმჯდომარემ, ასლან ბჟანიამ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ვიდრე რაულ ხაჯიმბა ე.წ. პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს, საპროტესტო აქცია უნდა გაგრძელდეს.
ბჟანიას აზრით, ხაჯიმბა მოვალეობებს ვერ ასრულებს და ამის შესაძლებლობა სხვა ადამიანებს უნდა მისცეს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი მშვიდობიანი იქნება. სოხუმში ოპოზიციის აქციის პარალელურად, ე.წ. პრეზიდენტის მხარდამჭერებიც არიან შეკრებილი.

სოხუმის ე.წ. მერიას აქციების ჩატარების სანქცია არ გაუცია. მიზეზად კი შესაძლო ინციდენტების პრევენცია სახელდება. ე.წ. არასანქცირებულ მიტინგებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის შენობას ე.წ. პოლიცია იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები