“ნამდვილად რეპრესირებულ თამაზ კაპანაძეს შეუძლია, თავის უფროსს, მამუკა ხაზარაძეს ედებატოს”

დღეს გავრცელდა ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის, თამაზ კაპანაძის განცხადება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ჩვენთვის გასაგებია ბატონი თამაზის, უფრო სწორად, მისი უფროსის, “თი ბი სი ბანკის” ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის გაცხარება. ლონდონის სააპელაციო სასამართლომ 9 დეკემბერს გააუქმა მოსამართლე პიტერ სმიტის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაუშვებლად ცნო პატარკაციშვილების ოჯახის კომპანიების საჩივარი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ. ამით რეალურად წერტილი დაესვა ამ დავას ლონდონში და შესაბამისად, შესაძლებლობას, მამუკა ხაზარაძემ თემა ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციისთვის მომავალშიც გამოიყენოს.
ვერ ვიმარჩიელებთ, ეს ხმაურიანი” განცხადება ამ ფაქტის გადასაფარად გაკეთდა, თუ ბატონი თამაზის აღშფოთებაა მიზეზი. ვერც ის გავიგეთ, რას გულისხმობს “ნამდვილად“ რეპრესირებული ბატონი თამაზი, როცა დიდი ბრიტანეთის მიერ პოლიტიკურ დევნილად აღიარებული ვანო ჩხარტიშვილის მიმართ ვითომ რეპრესიებზე საუბრობს, მაგრამ თუ მართლაც აინტერესებს, ვინ ვინ ვინ იყო ქართულ ბიზნესში, ჰკითხოს თავის უფროსს, “თი ბი სი ბანკის” ხელმძღვანელ მამუკა ხაზარაძეს, თუ სად იყო იგი მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენებს არბევდა, მის გვერდით ხომ არა?
ფედერაციის შენობასთან დაკავშირებულ დავასთან მიმართებით კი, ჩვენ მზად ვიყავით და ვართ, შევასრულოთ ყველა ვალდებულება, რომელიც შეიძლება არსებობდეს, თუმცა მამუკა ხაზარაძეს და “თი ბი სი ბანკს” სახელდახელოდ აღდგენილი ფედერაცია და შენობის თემა ხმაურისთვის, ვანო ჩხარტიშვილზე ზეწოლისა და ბანკის მიერ ფოთის წისქვილქარხნის მითვისებაში მონაწილეობის გადასაფარად სჭირდება და არა საქმისთვის.
ამიტომ, მოვუწოდებთ ბატონ თამაზს, ნუ გახდება იარაღი ნურავის ხელში, დარჩეს კორექტულობის ფარგლებში, მოიქცეს ცივილიზებულად და დაელოდოს მათ მიერვე პროვოცირებული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება დებატების მოთხოვნას, იგი მოდავე მხარის არაადეკვატურობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.თქვენ წახვედით სასამართლოში, უარი თქვით ჩვენს მომგებიან შეთავაზებებზე, არ გსურთ საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარება. თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, წარადგინეთ სასამართლოში, რა არის აქ სადებატო?! ხოლო თუ დებატები მოსწყურდა ნამდვილად რეპრესირებულ თამაზ კაპანაძეს, შეუძლია თავის უფროსს, მამუკა ხაზარაძეს ედებატოს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები