ჩინეთში საპარტნიორო ფონდისა და სავაჭრო – სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს მართავს. დელეგაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. ჩინეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება ასევე, საქართველოს სავაჭრო- სამრეწეველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
ვიზიტის ფარგლებში, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს სავაჭრო- სამრწეველო პალატის თანამშრომლობით და ორგანიზებით, ქალაქ გუანგჭოუში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ თანამშრომლობის ცენტრში ერთობლივი წარმომადგენლობა გაიხსნა. ცერემონიას საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლების გარდა, საქართველოს კონსული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში – თორნიკე მგალობლიშვილი და ქალაქ გუანგჭოუს ჰუანგფუს ზონის სახალხო კონგრესის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

,„ერთი სარტყელი ერთი გზის“ თანამშრომლობის ცენტრში საქართველოს ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაცნობის მიზნით, ფორუმი გაიმართა, სადაც საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნინო ჩოლოყაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქმიანობა, სტრუქტურა და განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. ასევე, ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე. ფორუმზე სიტყვით წარსდგა საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენელი ცისია ფანჩვიძე.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქალაქ გუანგჭოუს ჰუანგფუს ზონის სახალხო კონგრესის თავმჯდომარემ, ცენგ კუოიუმ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მრჩეველმა, გრიგოლ ბაიბურთმა.

გუანგჭოუ გუანგდუნის პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რომელიც დღესდღეობით ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების ცენტრს წარმოადგენს. ქალაქ გუანგჭოუში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის წევრებსა და ჩინეთის მსხვილ კომპანიებთან ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრა შედგა ჩინეთის მძიმე მრეწველობაში ჩართული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან. მხარეებმა უჟანგავი ლითონის გამოყენებით საქართველოში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის წარმოების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ფონდის დელეგაციამ მაღალტექნოლოგიური მიკროსქემების წარმოების ქარხანა დაათვალიერა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ქარხნის მენეჯმენტთან.

ჩინეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა ასევე, დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან. დრონები გამოიყენება, როგორც მონიტორინგის მიზნებისთვის, მაგ: მილსადენების უსაფრთხოებისთვის, ასევე, მოსავლის შესაწამლად. კომპანიის მიზანია ევროპის ბაზარზე შესვლა, ამიტომ მწარმოებლები დიდ სურვილს გამოთქვამენ პროდუქციის ნაწილის საქართველოში დამზადების თაობაზე. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ, ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრა გამართა გუანგჭოუს სახალხო მთავრობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან თანამშრომლობის საკითხები და სხვადასხვა პროდუქციის ექპსორტის, განსაკუთრებით კი ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტის ხელშესაწყობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრები შედგა ასევე, ადგილობრივი მთავრობის ლიდერებთან და პარტიულ მდივნებთან. ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ქალაქ შენჭენში ფუთაოშანგის კორპორაციას ეწვივნენ. შეხვედრას მასპინძლობდნენ ფუთაოშანგის კორპორაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, საქმიანი შეხვედრები შედგა ასევე, სინგაპურის რამდენიმე მსხვილი კომპანიის პრეზიდენტთან, ადგილობრივ მსხვილ ბიზნესმენებთან, როლებმაც საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი გამოთქვეს. შეხვედრებზე ქართული მხრიდან აქცენტი გააკეთა ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტებისა და სასტუმროების ქსელის განვითარების შესახებ, გამოითქვა მზაობა ღვინის იმპორტის ხელშეწყობაზე გუანგდუნის პროვინციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები