საქართველოს პროკურატურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით დრეზდენში იმყოფებოდა

საქართველოს პროკურატურის დელეგაცია მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. საქსონიის მიწის გენერალური პროკურორის კლაუს ფლაიშმანის მიწვევით საქართველოს პროკურატურის დელეგაციის ვიზიტი ქალაქ დრეზდენში გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურორი ადგილობრივი პროკურატურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. პროკურატურის ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს მათდამი დაქვემდებარებული უწყებების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და გაუზიარეს გამოცდილება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ირაკლი შოთაძემ გერმანელ კოლეგას საქართველოს პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და უწყების შიგნით დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.
ასევე გერმანული მხარის შეთავაზებით 2017 წელს თბილისში პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის გამართვა დაიგეგმა, რომელიც ევროკავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონიის მიწის დაფინანსებითა და ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა სახელმწიფოს გენერალური პროკურორები და პროკურატურის სხვა მაღალი თანამდებობის პირები იღებენ. საქართველოს მთავარმა პროკურორმა გერმანელ კოლეგას პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებასთან დაკავშირებით მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები