ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიის ფორმატზე: იყო პრეზიდენტის შემოთავაზება, რასაც ჩვენ ბუნებრივია ვაფასებთ

არსებული კონსტიტუციური სისტემის ლოგიკა ყველაზე მეტად სწორედ საკონსტიტუციო კომისიის საპარლამენტო ფორმატს მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციები არსებობდა, მათ შორის, იყო პრეზიდენტის შემოთავაზებაც.
„იყოს სხვადასხვა შემოთავაზებები ფორმატთან დაკავშირებით. იყო პრეზიდენტის შემოთავაზება, ინიციატივა, რასაც ჩვენ, ბუნებრივია ვაფასებთ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციასთან. იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმატთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევჯერდით არსებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც მუშაობა არსებითად, საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს.
ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული არგუმენტები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებული კონსტიტუციური სისტემის ლოგიკა ყველაზე მეტად სწორედ ასეთ ფორმატს მოითხოვს. ეს ფორმატი იქნება ყველაზე ეფექტიანი შედეგის თვალსაზრისით. ჩვენი ამოცანა და საბოლოო მიზანია, კიდევ ერთხელ კონსტიტუციის გადასინჯვა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციის სრული შესაბამისობა ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს ეს პრინციპი არ არის დაცული. შესაბამისად, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ჩვენი ამოცანაა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები