პრემიერი ყველას მოუწოდებს, საბანკო სექტორის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან თავი შეიკავოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, საბანკო სექტორისა და საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი კიდევ ერთხელ შეეხო მთავრობის მიერ დაგეგმილ ზომებს, რომლებიც რეფორმების განხორციელებისთვის აუცილებელია და ამ პროცესში საბანკო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილია რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებისთვის აუცილებელი ზომებია მისაღები, რათა ყველაფერი, რაზეც ხელისუფლება საუბრობს, რეალური გახდეს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია საბანკო სექტორი.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ აბსოლუტურად გაუფრთხილებელ ბრალდებებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ გაისმა და განვაცხადო, რომ ქართული საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ. ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი, განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები და მათი ჩართულობა ამ რეფორმების პროცესში უმნიშვნელოვანესია. ისინი წარმოადგენენ ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან რგოლს და ნებისმიერი უარყოფითი, მით უმეტეს, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდება ამ მიმართულებით, იწვევს ძალიან მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ხშირად ვხედავთ ტელეეთერებში, ამ მიმართულებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. როდესაც საუბარია კრიტიკაზე, არავისთვის უცხო არ არის კრიტიკა, მით უმეტეს, არც მთავრობისთვის და არც ერთი ინსტიტუტისთვის, მაგრამ, როდესაც საკითხი საფინანსო ინსტიტუტს ეხება, არ შეიძლება ის საჯარო იყოს მანამ, ვიდრე ყველა არგუმენტი არ იქნება განხილული იმ ფორმატებში, რომელიც თავს აგვარიდებს ამ მგრძნობიარე ინსტიტუციებისადმი ასეთი ტიპის ბრალდებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობის რეფორმების განხორციელების პროცესში საბანკო და მთლიანად, კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას.
„ჩვენი საბანკო სექტორისადმი ჩვენ გაგვაჩნია სრული ნდობა, ვართ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში და არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ, მთლიანად, კერძო სექტორისა და ბიზნესის მონაწილეობა, რეფორმირების პროცესში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები