პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს

პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კომისია მუშაობას წლის ბოლომდე შეუდგება და მომავალი წლის 30 აპრილამდე კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს შეიმუშავებს, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები.
„გუშინ ინიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ. დადგენილების პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაფუძნებას იმავე ფორმატით, რა ფორმატითაც შეიქმნა სამი წლის წინ. კომისიის თავმჯდომარე იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
კომისიის შემადგენლობაში შევლენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. კომისიის საქმიანობა დაეფუძნება გამჭვირვალობის პრინციპს და მასში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობა. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება შემუშავებული პროექტის შეფასებაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით – ვენეციის კომისიის აქტიური მონაწილეობა, რასთან დაკავშირებითაც უკვე იმართება მოლაპარაკებები ჩვენ უცხოელ მეგობრებთან“,- აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიის მიზანია კონსტიტუციის გადასინჯვის იმგვარი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიღება უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვანიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები