ეკა ბესელია ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე – ეს იყო 26 მაისის ამბებთან დაკავშირებული შურისძიების აქტი

მახსოვს, როდესაც გიორგი აბდალაძეს ზეწოლით უარი ათქმევინეს ჩემს ადვოკატობაზე. მან სასამართლო პროცესზე ჩემი აცილება მოითხოვა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულ ფოტოგრაფებზე მიმდინარეობდა განსაკუთრებული ზეწოლა, თუმცა საზოგადოების სოლიდარობამ, მათ შორის, ჟურნალისტების სოლიდარობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„მართლაც რომ ხანგრძლივი მუშაობის შემდგომ პროკურატურამ ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საქმე გახსნა და გამოავლინა ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში ფოტოგრაფების მიმართ. ერთ-ერთ ფოტოგრაფს, გიორგი აბდალაძეს, რომელსაც მაშინ ვიცავდი, მახსოვს, როგორი დიდი მხარდაჭერა ჰქონდა – ფოტოგრაფებს მაშინ მთლიანად საზოგადოების და მედიის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ეს იყო ერთადერთი ძალა, რომლითაც ვახერხებდით იმას, რომ გამოსულიყო ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა საპყრობილეში“, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, მაშინ გიორგი აბდალაძეზე „წარმოუდგენელი ზეწოლა განხორციელდა“ იმისთვის, რომ ის, როგორც ადვოკატი საქმეს ჩამოშორებოდა და აბდალაძეს უარი ეთქვა მის მომსახურებაზე.
მისივე თქმით, უშუალოდ აბდალაძეზე გლდანის მე-8 საპყრობილეში რამდენიმე დღის განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.
„არც მაშინ მჯეროდა, რომ ისინი ჯაშუშები იყვნენ და არც ახლა, მითუფრო საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო 26 მაისის ამბებთან და ეს იყო შურისძიების აქტი, რომლითაც უნდოდათ იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების გადაფარვა და ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ფორმით იერიში მიიტანეს უდანაშაულო ჟურნალისტებზე. მე ძალიან მიხარია, რომ საქმე გაიხსნა და ნათელი მოეფინა იმ დეტალებს, რაზეც ჩვენ მაშინ ვლაპარაკობდით, მაგრამ ძალიან ვიწრო წრეში და არ იყო შესაძლებლობა, რომ სიმართლე დადგენილიყო“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ე.წ. ,,ფოტორეპორტიორების საქმეზე“, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე, საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავა. პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, ამავე საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. როგორც პროკურორმა განაცხადა, დავით დევნოზაშვილი, სხვა თანამშრომლებთან ერთად, ციხის მძიმე პირობების და ფოტოგრაფების ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით, დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას. გამოძიების ინფორმაციით, ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე, საპყრობილის დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით, სამართალდამცავების მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. ამასთან, პროკურატურა ფოტორეპორტიორების მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები