მამუკა არეშიძე: აფხაზეთში სამოქალაქო დაპირისპირებას არ გამოვრიცხავ, თუმცა მის მასშტაბებზე რთულია საუბარი

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის „ამცხარას“ ლიდერის ასლან ბჟანიას დაკავებას კლანურ ბრძოლას უკავშირებს.
მამუკა არეშიძე 2011 წელს დე ფაქტო ცხინვალის ოპოზიციონერის ჯამბულ თედეევის დაკავებასთან ავლებს პარალელს და თვლის, რომ კრემლი ორივე შემთხვევაში ერთი ტაქტიკით მოქმედებს. მამუკა არეშიძე აფხაზეთში არც სამოქალაქო დაპირისპირებას გამორიცხავს.
ექსპერტი თვლის, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების მომხრეების დაპირისპირება დეკემბრის შუა რიცხვებში შესაძლოა მწვავე ფაზაში შევიდეს.
„მე მახსენდება, როცა დააკავეს ცნობილი ოსი მოჭიდავე ჯამბულ თედეევი, მაშინ ის დაპირისპირებული იყო კრემლთან, მიუხედავად მისი ძალიან დიდი გავლენისა და სახელისა, თვითმფრინავიც კი დასვეს მის დასაკავებლად.
ამჟამად დე ფაქტო აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია აპროტესტებს იმ სამხედრო შენაერთის ჩამოყალიბებას, რისი რატიფიცირებაც მოახდინა კრემლმა.
ბჟანიას მოსაზრებით, რუსეთმა შთანთქა აფხაზეთის შეიარაღებული ძალები. საგულისხმოა, რომ ბჟანია არის ყოფილი პრეზიდენტის ანქვაბის მომხრე და აქ კლანურ ბრძოლასთანაც გვაქვს საქმე.“-განაცხადა “კვირასთან” ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.
მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ დაკავების დროს მოხდა ბჟანიას „დამუშავება“ , თუმცა თვლის, რომ პარტია „ამცახარას“ სხვა ლიდერებიც ჰყავს და ბჟანიას უკან დახევის შემთხვევაში, მის მოთხოვნებს სხვა ლიდერები გაახმოვანებენ.
„ამ ეტაპზე სამოქალაქო ომის საფრთხე რამდენად არის, ვერ ვიტყვი, მაგრამ ბჟანიამ ხაჯიმბას მისცა ულტიმატუმის ვადა 15 დეკემბრამდე, ამ დრომდე მას გადადგომა მოსთხოვა, ხაჯიმბა ცხადია ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, აი ამ შემთხვევაში კი უკვე სავარაუდოა სამოქალაქო დაპირისპირება,“-განაცხადა მამუკა არეშიძემ.
აფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია ორი დღის წინ ფსოუზე რუსეთის საზღვრის გადაკვეთის მომენტში დააკავეს.
ოპოზიციონერი ლიდერი ჯერ საზღვარზე შეიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, შემდეგ კი სოჭის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ბჟანია ამჟამად გათავისუფლებულია და მას სოხუმში დაბრუნების საშუალება მისცეს.
3 დღის წინ ოპოზიციურმა „ამცახარამ“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია სახალხო კრების მოწვევით იმუქრება. ასლან ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო, თუმცა დამარცხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები