ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი უძღვებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური თემები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, მთავრობის ახალი შემადგენლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და სათანადოდ ორგანიზებული, დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, როგორც ეს აღნიშნულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წინასწარ ანგარიშში.
მათივე ცნობით, ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ახალ მთავრობასთან ევროკავშირი-საქართველოს საერთო ორმხრივი დღის წესრიგის გატარებაში.
„ასოცირების საბჭოზე აღინიშნა საქართველოს 2016 წლის ასოცირების განხორციელების შესახებ ანგარიშის მნიშვნელობა, რომელიც დადებითად აფასებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ევროპულ არჩევანს და საერთო მიზანს, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის მშენებლობის გაგრძელებას.
სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ.
ასოცირების საბჭო მიესალმა, მართლმსაჯულების სექტორში ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების გზაზე, საქათველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, როგორიცაა: ასოცირების შეთანხმების განხორციელება, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია და სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. ასოცირების საბჭოს ერთ-ერთი წამყვანი თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია იყო, რომელსაც საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია და წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და ხაზი გაესვა გადაწყვეტილების მიღების პროცესის სწრაფად დასრულების აუცილებლობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის კონკრეტული გზები, რაც ხელს შეუწყობს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციას. ასოცირების საბჭომ პოზიტიურად შეაფასა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ნაწილობრივი ამოქმედების შემდეგ ევროკავშირი-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში დაფიქსირებული დადებითი ტენდენციები. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქართული პროდუქტისთვის ახალი ბაზრების გახსნასთან დაკავშირებით „წარმატების ისტორიების” მეტი მაგალითის შექმნის მნიშვნელობა, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის უპირატესობების შესახებ ინფორმაციის აქტიურად გავრცელების აუცილებლობა, რათა გაიზარდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ევროკავშირის უმაღლესი ოფიციალური პირებისგან მიიღეს მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასოცირების საბჭო წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის უმაღლესი დონის ფორმალურ ინსტიტუტს, რომელიც ზედამხედველობას და მონიტორინგს უწევს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები