ცხოვრობს ბათუმში, პროფესიით პედაგოგია. დიდი ხანი არ არის, რაც მაკრამეს ხელოვნება დაიწყო, მაგრამ მანამდე სხვადასხვა ხელსაქმით იყო დაკავებული. ქსოვდა ჩხირებით და ყაისნაღითაც. ქარგავდა, ამზადებდა საახალწლო დეკორაციებსაც.
ამბობს, რომ მაკრამე ყოველთვის მოსწონდა, მაგრამ ნამდვილ გატაცებად 2 წლის წინ იქცა, როცა პირველად ნახა მაკრამეს საქანელები. მას შემდეგ მოსვენება დაკარგა. ასე შეიქმნა მაკრამეს ბუდე – საქანელები.
„ჩემი ინსპირაციის წყარო ჩემი შვილები არიან. პირველად სწორედ მათთვის მომინდა საქანელას შექმნა“. –
პედაგოგის და ხელოვანის, სალომე ცინცაძის პერსონა.
– პროფესიით პედაგოგი ხართ, ხელსაქმე კი თქვენი გატაცებაა…
– ხელსაქმე ჩემთვის ბევრს ნიშნავს. საოცარი შეგრძნებაა, როცა რაღაცას აკეთებ და ამ საქმეში სულსა და გულს დებ. შედეგიც არ აყოვნებს. საბოლოოდ, იქმნება ისეთი რამ, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ბავშვობიდან, დაახლოებით 10-12 წლიდან, დავიწყე ქარგვა და ქსოვა. დღეს ვქსოვ პროფესიონალურ დონეზე, თუმცა საამისოდ დრო უკვე აღარ მრჩება.
– ქსოვთ, ქარგავთ, ამზადებდით საახალწლო დეკორაციებს. როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს?
– ეგ პერიოდი ჩემთვის იყო მუდმივი სიახლეების ძიების პერიოდი. სულ ვცდილობდი ამ საქმეში განვითარებას. საკუთარ თავს მაქსიმუმს ვთხოვდი. ჩემი ყველა ნამუშევარი ჯერ მე უნდა მომწონდეს და უნაკლოდ გამოიყურებოდეს, ხოლო შემდგომ – სხვას. ნაქსოვებიდან ვერცერთს გამოვარჩევ, რადგან ყველა ერთნაირად მომწონს. იმავეს თქმა შემიძლია ნაქარგებზეც.
– ორიოდე წლის წინ მაკრამეს დამზადება დაიწყეთ. განსაკუთრებით საქანელამ მიგიზიდათ…
– ამ მასშტაბის მაკრამეს ბუდე – საქანელები პირველად მე შევქმენი. მანამდე ქართულ ბაზარზე არ მინახავს. საქანელები იწვნება სპეციალურად დამზადებული თოკებისგან, რომლებიც საკმაოდ გამძლეა. თოკების გარდა ვიყენებ რკინის მყარ რგოლებს. განსხვავდება და გამოირჩევა სტილით, გამძლეობით, ხარისხით.
მაკრამე ჩემთვის ნიშნავს სიამოვნებას, განტვირთვას და საკუთარი თავის რწმენას. მჯერა, რომ ჩემი საქანელები დიდ პოპულარობას მოიხვეჭს.
ყოველთვის მინდოდა ჩემი პატარა ბიზნესი, საქმიანობა მქონოდა. შემექმნა რაღაც განსხვავებული და ვფიქრობ, შევძელი.
– გაქვთ გვერდი – S&G Macrame Corner…
– ჩვენი მაღაზიის სახელწოდება S@G ჩემი და დედის – გიული დიასამიძის სახელების ინიციალებია, ანუ ჩვენი საერთო საქმიანობაა. იდეა მე მეკუთვნის, ხოლო მის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის დედაჩემს. მადლობა მას გვერდში დგომისთვის.
– როგორ ასწრებთ პედაგოგობას და ხელსაქმეს, ასევე ოჯახის საქმეებს?
– დავიწყებ იქიდან, რომ კონკრეტული მიზეზების გამო პედაგოგად არასოდეს მიმუშავია. ჩემთვის მთავარ პროფესიად მაინც დედობა რჩება. ხოლო შემდგომ – ხელსაქმე.
– ჰობი…
– ბევრი ჰობი მაქვს. ხელსაქმე, როგორც აღვნიშნე, ერთ-ერთი მათგანია. ასევე, მიყვარს მოგზაურობა და კითხვა.
– ერთი ისტორია…
– არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება, მაგრამ პირველივე ნამუშევარზე მინდა გითხრათ. უდიდესი სურვილი მქონდა, მაკრამეს ბუდე – საქანელა შემექმნა. ამ სურვილს მიმძაფრებდა ის, რომ ჩემს შვილებსაც ძალიან უნდოდათ, ჰქონოდათ მსგავსი სილამაზე. მოვიძიე საჭირო მასალა და დავიწყე ისე, რომ არც ვიცოდი, რა გამოვიდოდა… საბოლოოდ, შედეგმა გამახარა.
ჩემი შთაგონების წყარო ჩემი შვილები არიან. პირველად სწორედ მათთვის მომინდა საქანელას შექმნა.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ, ვფიქრობ, წარმოების ასორტიმენტის გაფართოებას, ასევე სასწავლო პროგრამის, მასტერკლასების შეთავაზებას დაინტერესებული ქალბატონებისთვის. დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს საკუთარი შოურუმი.
თამარ შაიშმელაშვილი