არაბული ქვეყნები საქართველოდან ქართული ცხვრის ექსპორტის გაზრდით ინტერესდებიან

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე- 16 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სტუმრობენ.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა საქართველოდან ქართული ცხვრისა და სხვა არაცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტის გაზრდის საკითხებზე იმსჯელეს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის მიმართ ნდობა გაიზარდა. კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქართული ცხვრისა და სხვა არაცხოველური წარმოშობის სურსათის საექსპორტო პოტენციალი გავაცანით”, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა, მიხეილ სოხაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დელეგაციის წევრებს ქვემო ქართლის რეგიონში მეცხოველეობის სექტორში არსებული ვითარება ადგილზე გააცნეს და მარნეულის მუნიციპალიტეტში სასაკლაო, ცხოველების საკარანტინო ზონა და გადასარეკ ტრასაზე არსებული ვეტერინარული ბიოუსაფრთხოების პუნქტი დაათვალიერებინეს.
გალფის ქვეყნების (სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები) სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები საქართველოს 1- დან 3 დეკემბრის ჩათვლით სტუმრობენ.
დელეგაციის შემადგენლობაში კატარის მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მეცხოველეობის დეპარტამენტის და ცხოველთა მოშენების განყოფილების ხელმძღვანელი აბდულა საად ბუშაე, ყატარის სახელმწიფო კომპანიის „HASAD FOOD” წარმომადგენელთა ჯგუფი, ასევე, მისი შვილობილი კომპანიის „MAHASEEL” ხელმძღვანელები და ქუვეითის სახელმწიფოს ერთ-ერთი მსხვილი მეცხოველეობის ფერმის წარმომადგენელი ზაიდ მუჰამედ მანსურ რანაჯოკი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები