„პუტინის რუსეთი ჩინეთის გარეშე არაფერია“ – ზელენსკიმ გაეროში პეკინი გააკრიტიკა

ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, რომელზეც თანამედროვე რუსეთი სრულად არის დამოკიდებული, პეკინს კი აქვს ძალა, აიძულოს მოსკოვი, შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„თუ ჩინეთს ნამდვილად სურდა ამ ომის დასრულება, მას შეეძლო მოსკოვის იძულება, შეეჩერებინა ეს შემოჭრა. ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია, მაგრამ ჩინეთი დუმს და გულგრილად იქცევა, ნაცვლად იმისა, რომ მშვიდობისთვის იმოქმედოს“, – ხაზი გაუსვა მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ რუს დიქტატორს, პუტინს უკრაინასთან და მსოფლიოსთან დაპირისპირების ეშინია, ამის ნაცვლად, ის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე იმ დელეგაციებს აგზავნის, რომლებსაც არ შეუძლიათ და არ სურთ სისხლისღვრის შეჩერება.

„აქ რუსეთის წარმომადგენელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ის არ არის ის, ვინც რეალურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამ ადამიანს ეშინია უკრაინასთან და მსოფლიოსთან პირისპირ დაჯდომა და ღიად აღიარება, რომ მას მხოლოდ ომი სურს“, – თქვა ზელენსკიმ.

უფრო მეტიც, როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, როდესაც პუტინი საზღვარგარეთ ჩნდება – პეკინში თუ სხვაგან – ეს „მხოლოდ მკვლელობებისთვის მეტი დროის მოსაგებად ხდება, იმის მოსაჩვენებლად, რომ დიპლომატიას ეძებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები