ექსპერტი ლარის კურსის რყევის საფუძვლებში ეკონომიკურ ფაქტორს ვერ ხედავს

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ლარის კურსის დღევანდელი ცვლილებები რაიმე ეკონომიკური ფაქტორით გამოწვეული არ ყოფილა.
საუბარში ექსპერტმა აღნიშნა, რომ სახეზე იყო აჟიოტაჟური და პანიკური ფონი, რაც, მნიშვნელოვანწილად, გამოიწვია იმ გაუგებრობამ, რაც საზოგადოებაში მთავრობის ახალი ინიციატივების შემდეგ შეიქმნა.
“პანიკური ქცევის წესი რამდენიმე საათის განმავლობაში ჩამოყალიბდა და საზოგადოების და ბიზნესის ნაწილმაც გაურკვევლობების ფონზე, გაზარდეს დოლარზე მოთხოვნა. ამან, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ის, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ლარის კურსმა”, – განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, აჟიოტაჟი ძალიან სახიფათოა, რადგან იწვევს არარაციონალურ გადაწყვეტილებებს ვალუტის შეძენასთან დაკავშირებით.
“როგორც წესი, ეს პანიკური ფონი მალე მინელდება ხოლმე და შემდეგ რეალურ საბაზრო ნიშნულს უბრუნდება კურსი. საგანგაშო სიტუაცია არ არის. გვაქვს გარკვეული პრობლემები, ბუნებრივია, მაგრამ თანდათანობით დარეგულირდება”, – განაცხადა კალანდაძემ.
ექსპერტი საზოგადოებას ურჩევს, არ აჰყვეს შექმნილ აჟიოტაჟს და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ჩაერიოს სიტუაციის დარეგულირებაში.
“იმედი მაქვს, ეს თემა ხვალისთვის ნაკლებად აქტუალური იქნება, თუმცა ეროვნული ბანკი მაინც მზად უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მონეტარული ინსტრუმენტები გამოიყენოს”, – განმარტა ექსპერტმა.
ლარის კურსი დღის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა ბაზარზე. დღის ყველაზე მაღალი კურსი 1 დოლარი 2.70 ლარი იყო.
ამ დროისთვის, Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2,5638 ლარად ივაჭრება, რამდენიმე საათის წინ კი პლატფორმაზე 1 დოლარი 2.6600 ლარიც ღირდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მონაცემებით, რომელიც გუშინ დაადგინა და დღეს მოქმედებს, ერთი დოლარი 2.5352 ლარი ღირდა, 2 დეკემბერს კი 1 დოლარი 2.5871 ლარი ეღირება.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერებას უმოკლეს დროში ვარაუდობენ ეროვნულ ბანკში და მოსახლეობას ურჩევენ, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს დოლარის შეძენასთან დაკავშირებით, რათა არ დაზარალდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები