ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: 11 თვეში საქართველოს 6 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

“11 თვეში საქართველოს 5 864 684 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტია“, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძვანელმა,  გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.
ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში, ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.
იანვარ-ნოემბერში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან: ლატვია +25.6 პროცენტი, ჩეხეთი +15.6 პროცენტი, ლიტვა +15 პროცენტი, გერმანია +9.4 პროცენტი და პოლონეთი +6.5 პროცენტი.
განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+494 პროცენტი), ინდოეთი (+216 პროცენტი), საუდის არაბეთი (+118 პროცენტი) , ჩინეთი (+44პროცენტი), ისრაელი (+56,7პროცენტი), ყაზახეთი (+33,8პროცენტი) და ბელორუსია (+29,7პროცენტი).
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, 2016 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 458,496 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 22,196-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.1%-ია).
ნოემბრის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 164,440 შეადგინა, რაც 20,265-ით მეტია 2015 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +14.1%).
2016 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ლიტვა +71 პროცენტი, პოლონეთი +49 პროცენტი, გერმანია 32 პროცენტი, საფრანგეთი +24 პროცენტი და გაერთიანებული სამეფო +20 პროცენტი.

 მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა შემდეგი სახელმწიფოებიდან: ირანი +487 პროცენტი, საუდის არაბეთი +183 პროცენტი, ინდოეთი +133 პროცენტი, ჩინეთი +112 პროცენტი, უზბეკეთი +112 პროცენტი და ბელარუსი +30,5 პროცენტი.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მისივე თქმით, 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 867.9 მილიონ დოლარს (ზრდა +13.2), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7 პროცენტს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.1 პროცენტია.
მისივე თქმით, 2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1 პროცენტი შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8.1 პროცენტი.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 159,102 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.1პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, 2016 წლის ათი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,351,403 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები