პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს
დღეს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ეკა მიშველაძემ აღნიშნა, კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას საზოგადოებას გააცნობს და, ამავე დროს, გადაუგზავნის საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად. შემდეგ კი აღნიშნულ კანდიდატს დასამტკიცებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.
„ საქართველოს უკვე ჰყავს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი მთავრობა. პრეზიდენტი წარმატებას უსურვებს მთავრობის ამ შემადგენლობას და ამავე დროს, იმედს გამოთქვამს, რომ ეს გუნდი შეძლებს შეასრულოს გაცემული დაპირებები, უპასუხოს ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებს, უზრუნველყოს დაანონსებული რეფორმების შესრულება იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის ცხოვრება გახდეს ბევრად უკეთესი. დაბოლოს, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სპეციალური ოპერაციების ძალებს დაარსებიდან 17 წლისთავს ულოცავს. ზუსტად 17 წლის წინ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შეიქმნა დანაყოფი, რომლის არსებობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ეს დანაყოფი არის ნათელი მაგალითი ნატოს წევრ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობისა, რომლის შედეგადაც საქართველო კიდევ უფრო დაცული ხდება, ხოლო შეიარაღებული ძალები – ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. პრეზიდენტი მადლობას უხდის სპეციალური ოპერაციების ძალებს სამშობლოს სამსახურისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.