გიორგი კვირიკაშვილის დასკვნითი სიტყვა – „არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, გავდივარ ხოლმე სუფრიდან“

ქედმაღლობა არის ის, რის გამოც არ აგირჩიათ ქართველმა ხალხმა და რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა” დღეს არის უმცირესობაში, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს შრომატევადი რამდენიმე დღისთვის. „ყველას დიდ მადლობას გიხდით ამ ძალიან შრომატევადი, ენერგოტევადი რამდენიმე დღისთვის. მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე, რომ სხვამ არ თქვას და შემდეგ დითირამბებში არ ჩაითვალოს.
არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როცა ასეთი რამ ხდება. არასოდეს, თათბირის დროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ და არასოდეს, არც ერთი ორგანიზაცია, სადაც მიმუშავია, არ მიმართავს შიდა დაპირისპირებისა და ინტრიგების მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ სრულიად ახალი სტილით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს გვაქვს და ამიტომ ვახსენებ ამას. რატომ ვახსენებ ამას ზუსტად დღეს და რატომ გესაუბრებით თქვენ, ჩვენს ოპონენტებს, ამასაც ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს. იმას, რომ თქვენ გუშინ გამოიყენეთ სიტყვები – პოლიტიკური უტიფრობა, თუ სხვა, მე მინდა, ერთი ძალიან მარტივი სიტყვა ვუწოდო, ეს არის – ქედმაღლობა. ამიტომ არ აგირჩიათ თქვენ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა” დღეს არის უმცირესობაში. ამას სჭირდება გაანალიზება და გაცნობიერება. სწორედ ამას დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, ისაუბროს საკუთარ შეცდომებზე და მე დღეს ამის მაგალითი მოგეცით, რომელსაც შესწევს უნარი ისაუბროს ოპონენტების წარმატებაზე – ამის მაგალითიც მოგეცით მე თქვენ. ვერც ერთი საპასუხო მაგალითი, სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე თქვენი მხრიდან. ასე რომ, იმ ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი გააჩერებს. ამ ახალ რეალობაში, იმ გამოწვევებს, რომელსაც ეს რეალობა გვკარნახობს, პასუხობს ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, მოგწონთ ეს თუ არა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები