ქართულ კომპანიებს გაეროს ტენდერებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს შესყიდვების განყოფილების ერთობლივი ორგანიზებით დღეს გაიმართა სემინარი სახელწოდებით „How to Make Business with UN“. სემინარი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ – გენადი არველაძემ და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
სემინარის მიზანი ქართული კომპანიების გაერო-ს სისტემაში არსებული შესყიდვების პროცედურების შესახებ ინფორმირება იყო. კერძოდ, სემინარის ფარგლებში, შესყიდვების სფეროში გაერო-ს ექსპერტებმა ადგილობრივ კომპანიებს გააცნეს, თუ როგორ ხდება სპეციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და შემდგომი აუცილებელი პროცედურების განხორციელება. ეს ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ აღნიშნული შესაძლებლობით და გაერო-ს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და სააგენტოებს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება შესთავაზონ.
მომწოდებელთა სარეგისტრაციო პროცედურების გარდა სემინარის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გაერო-ს შესყიდვების პროცესის, შეფასების კრიტერიუმის და იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს, აღმოაჩინონ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები გაერო-ს სხვადასხვა ორგანიზაციებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თავის სიტყვაში ისაუბრა გაერო-ს შესყიდვების განყოფილების მნიშვნელობისა და საქმიანობის შესახებ. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, ეს არის უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ და მაღალი ხარისხის შესყიდვების მომსახურებას გაეროში შემავალი ორგანიზაციებისთვის კონკურენტული, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესებით. ეს უწყება აქტიურად თანამშრომლობს მომწოდებლებთან მსოფლიოს მასშტაბით და ხელს უწყობს მოწოდების ზრდას განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებიდან.
როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველო ატარებს ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც ითვალისწინებს ექსპორტის სტიმულირებას, დამატებითი საექსპორტო ბაზრების მოძიებას და ამ ბაზრებზე გამარტივებულ შეღწევას. აქედან გამომდინარე, ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ეს ხელშეწყობა გამოიხატება იმ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში, რომლებიც შემუშავებულია სხვადასხვა უწყებების მიერ.
„ეს კონკრეტული ღონისძიებაც ემსახურება ქართული კომპანიებისთვის და ზოგადად ქართული ბიზნესისთვის მეტი პოტენციალის გაჩენას, მათი მოქმედების არეალის გაზრდას და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შეთავაზებას. აღსანიშნავია, რომ გაერო წარმოადგენს 17 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა ტიპის პროდუქტისა და მომსახურების გლობალურ ბაზარს ყოველწლიურად. ეს უზარმაზარი ბაზარი მნიშვნელოვანი დამატებითი იმპულსის მიმცემი იქნება ქართული კომპანიებისთვის გაზარდონ წარმადობა და შესყიდვების კუთხით მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტირება“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.
ქართულ კომპანიებს პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი ვებ-გვერდების საშუალებით:

https://www.ungm.org/
https://www.un.org/Depts/ptd/welcome-united-nations-procurement-division-unpd

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები