მიხეილ ჯანელიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტი რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაატარებს იმ საგარეო პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობას, ორიენტირებული იქნება სუვერენიტეტის განმტკიცებაზე და გადადგმული იქნება ნაბიჯები დეოკუპაციის მიმართულებით.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენის ფარგლებში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, უწყების ძირითად პრიორიტეტად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება.
„ჩვენს ძირითად პრიორიტეტად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს არის გზა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა ასევე ხაზი გაუსვა საგარეო უწყების იმ პრიორიტეტულ მიმართულებას, რასაც საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაცვა წარმოადგენს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უწყებისთვის მნიშვნელოვანია დიასპორასთან მჭიდრო კონტაქტების განვითარება და მათ საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ბერკეტები და ინსტრუმენტები იმისათვის, რომ უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების და შესაბამისი პროგრამების შეთავაზება.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მუშაობას მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის იმიჯის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით საქართველოსადმი კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ინტერესის გაჩენის მიზნით.
მინისტრობის კანდიდატმა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტად ასევე დაასახელა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და დიპლომატიური კორპუსისთვის უკეთესი პირობების შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები