ცესკოში „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „რესპუბლიკელებმა“ და „კონსერვატორებმა“ წევრი დაკარგეს

უკვე ცნობილია ის შვიდი პარტია, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრებს დანიშნავს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებს. დაფინანსების სიდიდით პარტიებს შორის მე-7 ადგილზე „მრეწველები“ აღმოჩნდნენ, ხოლო „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ცესკოში წევრი დაკარგეს. ამასთანავე, ცესკოში საკუთარი წარმომადგენელი აღარ ეყოლებათ „რესპუბლიკურ“ და „კონსერვატიულ“ პარტიებს.
საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, 13-კაციანი ცესკოს ის ნაწილი შეიცვლება, სადაც წევრებს პარტიები ნიშნავენ. ცესკოში შვიდი წევრი პარტიების მიერ ინიშნება. თითო წევრის დანიშვნის უფლება იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს აქვთ, რომლებიც ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის შესაბამისად, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. როცა ასეთი პარტიების რაოდენობა შვიდ პარტიაზე მეტია, კანონი უპირატესობას სხვაზე მეტი დაფინანსების მქონე პარტიას ანიჭებს. სწორედ საბიუჯეტო დაფინანსება და მისი ოდენობა განაპირობებს იმას, რომ უახლოეს დღეებში პარტიათა წარმომადგენლების ნაწილს ცესკოში უფლებამოსილება შეუწყდება, ხოლო მის ადგილს მეტი დაფინანსების მიმღები პარტიის წარმომადგენლები დაიკავებენ.
წლის განმავლობაში მისაღები სახელმწიფო დაფინანსების რაოდენობის მიხედვით პარტიათა რიგითობა ასეთია: 1. „ქართული ოცნება“ – 2,082,238 ლარი; 2. „ნაციონალური მოძრაობა“ – 1,122,526 ლარი; 3. „დემოკრატიული მოძრაობა“ – 997,037 ლარი; 4. „ევროპული საქართველო (8 ოქტომბრის არჩევნებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში მყოფი პარტია) – 895,726 ლარი; 5. „პატრიოტთა ალიანსი“ – 744,008 ლარი; 6. „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ (შოთა მალაშხიას პარტია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბლოკში 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა) 598,698 ლარი; 7. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 536,572 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტია „მრეწველებისთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაზღვრული 536,572 ლარიდან, 300 ათასი ლარი არის თანხა, რომელიც „მრეწველების“ პარტიას პარლამენტში მათი წევრის, სიმონ ნოზაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციის შექმნის შედეგად დაენიშნა. ამ დაფინანსებით მან „თავისუფალ დემოკრატებს“ აჯობა, რომლის ყოველწლიური დაფინანსების ოდენობა 512,196 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები