ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს დაასახელა. ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ის ზურაბ ალავიძემ ჩაანაცვლა. 

ზურაბ ალავიძე (37) არის ეკონომიკის დოქტორი; მას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ფინანსურ და საბანკო სექტორში.  ზურა ალავიძემ 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მათემატიკური სკოლა-ინტერნატი; 1993-1998 წლებში თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი;
2007-2009 წლებში სწავლობდა გრენობლის ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლეს სკოლაში.

გასული სამი წლის მანძილზე იგი ასრულებს სს “Dariali Energy”-ს გენერალური დირექტორის ფუნქციას. აღნიშნული კომპანია საქართველოში, ყაზბეგის რეგიონში აშენებს დარიალის ჰიდროელექტროსადგურს, რომლის დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატი იქნება.

გარდა ამისა, იგი ასევე ფლობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (გრენობლი, საფრანგეთი). ალავიძემ ასევე მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი ფინანსების დარგში და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი სამართლის სპეციალიზაციით.

მის მიღწევებს შორისაა: როიტერის ფონდის სერტიფიკატი “მსოფლიო ფინანსური ბაზრების შესავალში”; ბარენცის ჯგუფისა და KPMG-ის სერტიფიკატი აქციების თემაზე კურსის გავლასთან დაკავშირებით; თბილისის გაცვლითი პროგრამის აქციებით ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ბარენცის ჯგუფისა და USAID-ის ხელშეწყობით ორგანიზებული საქართველოს საფონდო ბირჟისადმი მიძვღვნილ სემინარზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი ; საბერძნეთის ეროვნული ბანკის “ბანკების ფინანსური და საინვესტიციო სერვისების“ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ფრანკფურტის დრეზდნერის ბანკის სერტიფიკატი „ევროპული ბანკინგი თანამშრომლებისათვის და კორესპონდენტული ბანკინგი“; RZB “საცალო ბანკინგი, ურთიერთობა მომხმარებლებთან და მარკეტინგი” და სხვა.

სს “Dariali Energy“-ს გენერალური დირექტორის პოზიციის დაკავებამდე იგი იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე. იგი ასრულებდა “VTB ბანკი ჯორჯიასა“ და “გაერთიანებული ქართული ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ფუნქციებს; ალავიძე ასევე იყო “ACI ფინანსური ბაზრების ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, “გაერთიანებული ქართული ბანკის“ სახაზინო დეპარტამენტის დირექტორი, “გაერთიანებული ქართული ბანკის“ სახაზინო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

იგი კურირებდა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა, საგარეო ვაჭრობის, ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტებს, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს, ტურიზმის დეპარტამენტს, ეროვნული კონკურენციის სააგენტოს, ეროვნული აკრედიტაციის ცენტრს, სტანდარტიზაციის სააგენტოს. მონაწილეობდა მოლაპარაკებებში სამთავრობოთაშორისო ეკონომიკურ კომისიებში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები