გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ დოლიძეს გუნდში დაბრუნება მიულოცა

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ დოლიძეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე წარდგენა მიულოცა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გაიხსენა ვიქტორ დოლიძის აქტიურობა „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულების გაძლიერებაში.
„ვიქტორ დოლიძე პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პარლამენტისა და მთლიანად ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის საქმეში. ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე. მიუხედავად იმისა, კოალიციის სახელით უწევდა ამ საქმეზე მუშაობა თუ შემდგომში, უკვე მოგვიანებით, ამ სტატუსის გარეშე. ვულოცავ ბატონ ვიქტორს ჩვენს გუნდში დაბრუნებას და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე კი აშშ-ში საქართველოს ელჩი გახდება. მას გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები