„ის ადამიანები, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ არიან წარმოდგენილი, მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას“

ის ადამიანები, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ არიან წარმოდგენილი, მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მათთნ ერთად ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა.
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ არიან: ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მხარდაჭერა მიიღო და უმრავლესობით დააკომპლექტა მეცხრე მოწვევის პარლამენტი. კონსტიტუციური პროცედურების გათვალისწინების თანახმად, საქართველოს პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას. ჩემი როგორც მომავალი მთავრობის მეთაურის უმთავრესი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ საქართველოში არსებული დემოკრატიული გარემო, უსაფრთხოების ხარისხი და ამავდროულად, უზრუნველვყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იქნა შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და სწორედ ამ რეფორმების ეფექტურად განხორციელების მიზნით პარლამენტს წარვუდგენ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას.
დღეს, როდესაც მსოფლიოში მოვლენები სწრაფი ტემპებით იცვლება, სწრაფად ვითარდება გარემოებები ჩვენ წინაშე ყოველდღიურად დგება ახალი გამოწვევები, ჩვენ ვალდებულები ვართ ამ გამოწვევებს ახალი ენერგიით სწრაფი და ეფექტიანი ქმედებებით ვუპასუხოთ. პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას, რომელთან ერთადაც ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ და რომლის თითოეულ წევრთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან წარმოდგენილნი, თუმცა ისინი ცხადია დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები