უშიშროების საბჭოს სხდომაზე რამდენიმე აქტუალური საკითხი განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით რამდენიმე საკითხი იყო გათვალისწინებული, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებს მოიცავდა. ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იყო. ლევან იზორიამ სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროგრესსთან დაკავშირებული საკითხები უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად განიხილა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მონაწილეობის საკითხის შესახებ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საბჭოს წევრებთან ერთად იმსჯელა. დღის წესრიგით ასევე, გათვალისწინებული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის წარდგენის საკითხი. აღნიშნულ თემაზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და ლევან იზორია. გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობაზე სამი წლის ვადით ინიშნება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობასთან შეთანხმებით.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები