„თბილისის წიგნის დღეები -2016“ გაიხსნა

„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში საბავშვო წიგნის ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
17-20 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, წიგნის ხელოვნების ცენტრისა და „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონები „თბილისის წიგნის დღეებს“ უმასპინძლებს. ტრადიციულ წიგნის ბაზრობასთან ერთად, მეოთხე და მეხუთე პავილიონებში ილუსტრაციის, სურათებიანი წიგნისა და ფოტო-არტ წიგნის საერთაშორისო გამოფენები მოეწყობა.
წიგნის დღეების ფარგლებში, ორი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გამოფენა: „ბოლონიის ილუსტრატორთა გამოფენა“ და „ნამის კუნძულის საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართება; წარმოდგენილი იქნება ბოლონიის საბავშვო წიგნის პრემიისთვის შერჩეული საუკეთესო წიგნებიც.
„თბილისის წიგნის დღეები“ ასევე მასპინძლობს „ქართული ხალხური ზღაპრის ილუსტრაციის გამოფენას“, თითოეული ნამუშევარი „ქართული ზღაპრის ანთოლოგიაში“ შევა და მას წამყვანი შვეიცარული გამომცემლობა NordSüd, წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდჭერით, გერმანულენოვანი ბაზრისთვის, 2017 წელს გამოსცემს.
ფესტივალის ფარგლებში, დამთვალიერებელი წელს დაარსებული, უკრაინულ-ქართული ფოტოწიგნის კონკურსის ნამუშევრებსაც იხილავს, ასევე – არტწიგნების გამოფენას ბულგარეთიდან და უკრაინიდან.
„თბილისის წიგნის დღეები“ 2016-ის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: კულტურის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, ბულგარეთის საელჩო, იტალიის საელჩო, ასოციაცია „არტ კავკასია“, ბოლონიის წიგნების ბაზრობა, ნამის საბავშვო ილუსტრაციების ფესტივალი (კორეა), უკრაინის ფოტოალტერნატივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები