„მაშინ დიდი კაცი დავბადოთ“  – იუბილე, რომელიც არ იგრძნობა

1891 წლის 17 ნოემბერს ჭყვიშში სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა.  სოფლის უბრალო მასწავლებლის ოჯახში დაბადებული ახალგაზრდა ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1910-11 წლებში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. თბილისში გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ (1914) და „არტისტული ყვავილები“ (1919) გალაკტიონ ტაბიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 1918 წლიდან იგი  საბოლოოდ დამკვიდრა თბილისში.
დაბადებიდანვე იყო „სხვა კაცი სხვა ხმით“…  უშუალო და მშვენიერი  პოეტური სამყაროს შემქმნელი, რომელმაც ქართულ ლექსს ახალი სიცოცხლე მიანიჭა.
დღეს გალაკტიონ ტაბიძე 125 წლისაა. პორტალი „კვირა“ ამ თარიღთან დაკავშირებით ჯანსუღ ჩარკვიანს დაუკავშირდა, ვინც პირადად იცნობდა დიდ პოეტს  და სთხოვა, გალაკტიონთან შეხვედრა გაეხსენებინა.  აი, რა გვითხრა მან:

e18392e18390e1839ae18390e18399e183a2e18398e1839de1839c-e183a2e18390e18391e18398e183abe18394

– მე ძალიან ახლოს ვიცნობდი გალაკტიონს, ბავშვობიდან დავდევდი უკან. ვერაზე ვცხოვრობდი, ვერის აღმართზე ამოდიოდა ხოლმე, ვერის აღმართზე მშენებლობაზე დუქანი იყო გახსნილი და არაყს ყიდდნენ, ჩვენ – ბიჭები: მე, ოთარ ჭილაძე, გივი სამსონაძე, ზაურ ბოლქვაძე –  სტუდენტები ვიყავით,  ჩავდიოდით იქ და ვსვამდით, იქ შედარებით იაფი ღირდა.  ხშირად მოდიოდა გალაკტიონი, იქ გავიცანი პირველად.
… ერთხელაც ამოვიდა,  მივიდა დახლთან და აბა, ჩემი არაყი გამომიტანეთო,  ჩაუსხეს ჭიქაში,  მიიტანა პირთან, ჩაიგუბა, გაალუღლუღა და უკანვე გადამოაქცია.  მე ვუთხარი, ძია გალაკტიონ, ეს რა ქენი-მეთქი და ბიჭოო, რომ გავალ, ხალხს ვეგონები მთვრალიო და მე კიდევ, ფხიზელი ვიქნებიო.
მთელი ცხოვრება როგორ ვიცნობდი, იცი? როგორც უფროს მეგობარს. საოცარი პიროვნება იყო, ამას თავიდანვე ვგრძნობდი, მაგას რომ დავდევდი, 10 წლისა ვიყავი მაშინ. უკვე ვიცოდი, ვინ იყო, ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩვენებიც მეუბნებოდნენ ოჯახში, ეს დიდი კაცია, დიდი პიროვნებააო, მე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ურთიერთობა მქონდა.
– ერთ საღამოზე გაიხსენეთ, როგორი თბილი დამოკიდებულება ჰქონდა თქვენდამი…
– პატარა ბიჭი ვიყავი და შემაქო… ამ ბიჭს მიხედეთო, დაიმახსოვრეთო…
ერთხელ,  მახსოვს, მწერალთა სახლში რაღაც სხდომა ტარდებოდა, ახალგაზრდა ვარ და… ვხედავ, მოვიდა გალაკტიონი, დამიძახა, ჯანსუღ, მოდიო, მივედი, რა მოხდა-მეთქი?  ბიჭო,  აბა ახლა მითხარი, ვინ არის საქართველოში პირველი პოეტიო, – მეკითხება. მე ხომ მივხვდი, რაც უნდა მეთქვა, ვუთხარი, ლეონიძე-მეთქი. არ მოეწონა და რათა, ბიჭო, რათაო… – მომიგო.  იმიტომ რომ, – ვაგრძელებ მე, – ძია გოგლა შემხვდა გუშინწინ და მითხრა, ვინ არის ყველაზე დიდი პოეტი საქართველოშიო, მე ვუთხარი ტაბიძე-მეთქი. გაეღიმა, – ო, ეგ ორი კმარა, კმარა, მეტი არ თქვაო…
– არსებობს გალაკტიონის გასვენების ფოტო, სადაც თქვენც ჩანხართ…4474532396_4dc0a9243c_z
– დიახ, გასვენების სურათი არის, მე მინახავს, კუბოსთან ვდგავარ, მანქანაზე. რომ გარდაიცვალა, ბიჭები ღამეებს ვუთევდით მწერალთა კავშირში, დავინახე, რომ სავარცხელი ედო ჯიბეში. ამოვიღე და ჩავიდე ჩემთვის ჯიბეში, და მას ჩემი სავარცხელი ჩავუდე. ახლაც მაქვს შენახული ის სავარცხელი…
– ცნობილია, რომ გალაკტიონს სიცოცხლეში ძალიან უჭირდა, დღიურებშიც წერს,  ხან ისე გავა დღეები, ჩემს სახლში არავინ მოვაო… სიცოცხლეში არ იყო ხომ სათანადოდ დაფასებული?
– ძალიან დაფასებული იყო და ყველამ იცოდა, რომ მართლა ღირსი პიროვნება იყო, მაგრამ საქართველოში, გასაკვირი არ არის, იციან ასეთი რაღაცები, რომ ცოტა შორეულად მოექცნენ ადამიანებს.
– დღეს გალაკტიონის 125 წლის იუბილე შესრულდა და რაღაც არ იგრძნობა…
– რუსთაველის იუბილეც არის და ხმას ვინმე იღებს? აზრზე არა ვარ… ერთი საოცარი რაღაცაა, ვინმეს კი არაფერში არ ვედრები, მაგრამ მე გეუბნებით, ადამიანების ყურადღება როგორია. 85 წლის რომ გავხდი, ერთი კაცი არ ვიცი, ან ხელისუფლებიდან, ან სამინისტროდან, ვინმეს რომ დაერეკოს. ახლა, შე კაი კაცო, თუ გალაკტიონს არ სცემენ პატივს, მაშინ ჯანსუღი რა შუაშია, მასთან შედარებით ვინ არის? ეს არის ამ ხალხში, რომ, სამწუხაროდ, არ იციან პატივისცემა…  ვიტყვით ხოლმე, აი ბერბიჭაშვილი, ვინც ილია მოკლაო…   რა შუაშია ბერბიჭაშვილი, ვინ შეუკვეთა, ისა თქვი, მაგრამ შენ რომ ილია გყავს და იმას მოკლავ, ეს არის უბედურება…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები