ლარის კურსის ვარდნას დეპუტატი ემოციურ ფონსა და არჩევნებს უკავშირებს

ლარის კურსის გაუფასურებას ემოციურ ფონსა და საარჩევნო პერიოდს უკავშირებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე.
დეპუტატის განმარტებით, ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რამაც შეიძლება ლარის კურსი გააუფასუროს, აქედან გამომდინარე, კვიჟინაძე ეროვნული ვალუტის გამყარებას ვარაუდობს.
დეპუტატის შეფასებით, დოლარიზაცია ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან საქართველოს ეკონომიკაში დოლარი დიდწილადაა შემოსული.
მისი თქმით, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომელიც ეკონომიკაში დოლარის წვლილს შეამცირებს.
2014 წლის ნოემბერში დაწყებული ლარის კურსის გაუფასურება 2015 წელსაც გაგრძელდა. გასული წლის ნოემბერში 1 დოლარი 1,75 ლარი, ხოლო 1 ევრო 2,18 ლარი ღირდა. 2015 წლის იანვრისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 1,88 ლარამდე, ხოლო ევროსთან 2,18 ლარამდე დაეცა. ლარის კურსმა გაუფასურების პიკს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიაღწია, როდესაც ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად 1 დოლარი 2,44 ლარი, ხოლო 1 ევრო 2,80 ლარი ღირდა.
ოქტომბრიდან ლარი მცირედით გამყარდა და ბოლო თვეებში დოლარის მიმართ 2,40–ის ფარგლებში დასტაბილურდა. შედეგად, 1 წელიწადში, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, ლარი დოლარის მიმართ 1,75-დან 2,40-მდე, ხოლო ევროს მიმართ 2,18-დან 2,60-მდე დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები