“ლარის კურსი საშუალოვადიან პერსპექტივაში დასტაბილურდება”

ეკონომიკის ზრდის დაჩქარების ფონზე, ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება საშუალოვადიან პერსპექტივაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი  აკაკი ზოიძე.
მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, ძირითადი ფაქტორი, რომელიც ლარის კურსის გამყარება – დასტაბილურებაზე იმოქმედებს, სწრაფი ეკონომიკური ზრდა იქნება, რაც ბიუჯეტის ძირითად ორიენტაციას წარმოადგენს.
„იმპორტის და საგარეო სავაჭრო დეფიციტის ზრდის გარდა, ფუნდამენტრი ფაქტორები მაინც სტაბილურია, ამიტომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, წესით, ლარის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივაში მცირედი რყევები იქნება, მაგრამ იმ ზომების მიხედვით, რომელიც მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციით შეიმუშავა, მიგვაჩნია, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ლარის კურსი დასტაბილურდება. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება ბიუჯეტს, რომელსაც წლის ბოლომდე მივიღებთ, სადაც ძალიან ნათლად არის ასახული პერსპექტივები და ორიენტაცია სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე“, – აღნიშნა ზოიძემ „პირველთან“ საუბარში.
პოლიტიკოსი ბოლო პერიოდში ლარის კურსის რყევას უკავშირებს ფასების შემცირების გამო იმპორტის ზრდას და ექსპორტის შემცირებას, პარტნიორ სავაჭრო ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების დევალვაციასა და ლარის კურსის მიმართ არსებულ უარყოფით მოლოდინებს.
2014 წლის ნოემბერში დაწყებული ლარის კურსის გაუფასურება 2015 წელსაც გაგრძელდა. გასული წლის ნოემბერში 1 დოლარი 1,75 ლარი, ხოლო 1 ევრო 2,18 ლარი ღირდა. 2015 წლის იანვრისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 1,88 ლარამდე, ხოლო ევროსთან 2,18 ლარამდე დაეცა. ლარის კურსმა გაუფასურების პიკს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიაღწია, როდესაც ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად 1 დოლარი 2,44 ლარი, ხოლო 1 ევრო 2,80 ლარი ღირდა.
ოქტომბრიდან ლარი მცირედით გამყარდა და ბოლო თვეებში დოლარის მიმართ 2,40–ის ფარგლებში დასტაბილურდა. შედეგად, 1 წელიწადში, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, ლარი დოლარის მიმართ 1,75-დან 2,40-მდე, ხოლო ევროს მიმართ 2,18-დან 2,60-მდე დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები