„ჩვენ ვაგრძელებთ სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას და იმედი მაქვს, რომ ყველა სოფელში ჩავალთ“

 მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ მიზანია, რუკამ მთელი საქართველო მოიცვას

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით განახლებული სოფლის ბიბლიოთეკების ამსახველი გრაფიკული რუკა შეიქმნა. მოძრაობა ეკვილიბრიუმი გრძელდება და მისი მიზანია, რუკამ მთელი საქართველო მოიცვას.
ამ საკითხზე სასაუბროდ „კვირამ“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილეს მირიან ხოსიტაშვილს მიმართა.

– ბატონო მირიან, გამოქვეყნდა რუკა, რომელიც ასახავს მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში განახლებული სოფლის ბიბლიოთეკებს…14890329_1139733819480446_8336398673084864547_o
– რუკაზე ასახულია ყველა ის რეგიონი და სოფელი, სადაც განახლდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, ზოგიერთი მათგანი აღიჭურვა უახლესი ტექნიკით (კომპიუტერებით), ან დაარსდა ახალი ბიბლიოთეკა. დატანილი ნიშნულები ასახავს, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს რამდენ სოფელში ჩავედით და განვაახლეთ ბიბლიოთეკები. გარდა ბიბლიოთეკებისა, ეს ნიშნულები ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენ არა მარტო სოფლის ბიბლიოთეკებში განვაახლეთ წიგნადი ფონდები, არამედ ბევრ სკოლასაც ვესტუმრეთ, სკოლის ბიბლიოთეკები ახალი წიგნებით აღიჭურვა. ამ ეტაპზე, რუკაზე, 2012 წლიდან,  მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დაწყების დღიდან დღემდე, განახლებული ასობით სოფლის ბიბლიოთეკაა დატანილი თითოეული სოფლის დასახელებით. თითქმის ყველა რეგიონში ჩავედით, რამდენიმე რეგიონის გამოკლებით. ჩვენ ვაგრძელებთ სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას და იმედი მაქვს, რომ ყველა სოფელში ჩავალთ.
ამ მოძრაობის ფარგლებში, როგორც ვიცი, რამდენიმე პროექტი არსებობს…
–  საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტს ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას, რაც რეგიონალური ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციას, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას ნიშნავს. ამ პროექტის ფარგლებში 70 სასოფლო ბიბლიოთეკას გადაეცა კომპიუტერი, ინტერნეტი, მათმა თანამშრომლებმა  გაიარეს გადამზადება,  კახეთის რეგიონში 45 ბიბლიოთეკას განუახლდა კომპიუტერული ტექნიკა, გადაეცა კომპიუტერი და ინტერნეტის ქსელით აღიჭურვა, მათი თანამშრომლებიც გადამზადნენ.
ჩვენ თითქმის ყოველკვირეულად გვიწევს სხვადასხვა რეგიონში ჩასვლა, ამა თუ იმ ბიბლიოთეკის დახმარება. ჩვენი მიზანია, განვუახლოთ წიგნადი ფონდი ბიბლიოთეკებს, რომელიც აქამდე  მოძველებული იყო როგორც ფიზიკურად ისე შინაარსობრივად, ხშირ შემთხვევაში საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განახლებულა ფონდი, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ყველა სოფელში ჩავიდეთ, რათა შევქმნათ ახალი ტიპის თანამედროვე ბიბლიოთეკები. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ საქმეში, რომ სოფლად ხელმისაწვდომი იყოს წიგნი და წიგნიერება იყოს ყველგან პოპულარული.
– რამდენად მნიშვნელოვანია „ეკვილიბრიუმის“ რუკის შექმნა? და სადღეისოდ, რამდენ სოფელს განუახლდა ბიბლიოთეკა?1599804_1699586303596601_6876644011579929400_o
– დღეისათვის მოქმედი 615 ბიბლიოთეკაა, ვგულისხმობ სასოფლო ბიბლიოთეკებს, თუმცა ისეთ სოფლებში, სადაც ბიბლიოთეკა არ იყო, ჩვენ ჩავედით და სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განვაახლეთ. ამ რუკას დაერთვის სია, ჩამონათვალი იმ სოფლებისა და რაიონებისა, სადაც  ვიყავთ, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს  ჩვენი საქმიანობის კონკრეტული ადგილები, ამ სიის წარმოდგენა და ამ რუკის შექმნა, – გარკვეული ანგარიშიცაა. ბუნებრივია, ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო ბევრ ბიბლიოთეკას დავეხმარებით.
– 615 ალბათ მცირე რიცხვია იმასთან შედარებით, რაც 90-იან წლებში იყო…
– სამწუხაროდ, ასეა. 90-იანი წლების დასაწყისში იყო 3100 სასოფლო ბიბლიოთეკა,  აქედან ცხადია, 90-იან და შემდგომ წლებში ძალიან ბევრი ბიბლიოთეკა დაიხურა, ფონდები შეიკრა და ზოგი მათგანი  სარდაფებში ჩაიტანეს, ზოგიც სკოლის ბიბლიოთეკებს გადაუნაწილდა და ა. შ. თუმცა თავად ფონდი მოძველებულია. საბჭოთა პერიოდის ლიტერატურა, რომლის სავალდებულო ცალები ეგზავნებოდა ყველა სოფელს, ჯერ ერთი, ფიზიკურად არის მოძველებული, და მეორე, ბევრი ლიტერატურა შინაარსობლივად აღარ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს. ეს კიდევ ცალკე მახასიათებელია წიგნისა და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიბლიოთეკის ფონდების განახლება.
საბიბლიოთეკო შენობების ნაწილი ავარიულია. თუმცა ჩვენი საერთო მოქმედებით, ხელისუფლების მხარდაჭერით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მუშაობით (სხვადასხვა მუნიციპალიტეტი ამ მხრივ სხვადასხვა აქტივობას იჩენს) არის იმედი, რომ ნელ-ნელა ბევრი ბიბლიოთეკა ახლიდან აღდგება და  გაიხსნება.
– სოფლის ბიბლიოთეკებში შინაარსობრივად ძალიან მოძველებული წიგნებია, რაც, ვფიქრობ, დიდი პრობლემაა…
– ცხადია, ეს ძალიან დიდი პრობლემაა და სწორედ ამ პრობლემამ გამოიწვია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აღარ შედის ბიბლიოთეკაში. მათ იციან, რომ იქ მათთვის საინტერესოს ვერაფერს ნახავენ, თუ ნახავენ წიგნებს, ის უკვე ფიზიკურად მოძველებულია. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი  განახლებული იყოს.  მოძველებული წიგნების ჩამოწერა-გადაფასება აუცილებელია, ცხადია, აღარ ვართ ვალდებულები, შევინახოთ მოძველებული ლიტერატურა.
ჩვენ შევიმუშავეთ წიგნადი ფონდის აღრიცხვა-გადაფასების ინსტრუქცია, რაც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს ყველა ბიბლიოთეკისთვის.  სოფლის ბიბლიოთეკებში, ბევრგან, წიგნების შენახვის პირობები არ არის დაცული, რადგან წიგნს განსაკუთრებული შენახვის პირობები სჭრიდება. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ფონდი მთლიანად განახლდეს, მთლიანად შეიცვალოს. ფონდის განახლება გამოიწვევს ბიბლიოთეკის გააქტიურებას. გარდა ფონდებისა, როდესაც ვსაუბრობთ რეგიონალურ ბიბლიოთეკებზე, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბიბლიოთეკამ და მათმა თანამშრომლებმა შეძლონ, რომ მათი დაგეგმილი ღონისძიებებით, აქტივობებით დააინტერესონ სოფლის მოსახლეობა და ბიბლიოთეკა ისევ გახდეს აქტიური, სოფლის მოსახლეობისთვის მიმზიდველი ადგილი. გაიმართოს სხვადასხვა ღონისძიებები, შეკრებები,  საზოგადოებისთვის აქტიურ თემებზე მსჯელობით. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ბიბლიოთეკა სოფლებში ყველაზე აქტიური ადგილი იყოს, სოფლის მოსახლეობისთვის და სარგებლობა მოჰქონდეს.
ბევრ სოფელში გამოკითხვა ჩავატარეთ, მოსახლეობას ვეკითხებოდით, იცოდნენ თუ არა ზუსტი მისამართი, სად იყო მათი ბიბლიოთეკა, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ბევრ სოფელში არ იციან, სად არის მათი ბიბლიოთეკა. ზოგიერთმა მათგანმა ისიც არ იცის, თუ საერთოდ არსებობს, ამიტომ ამ მიმართულებით დიდი შრომაა განსახორციელებელი. ბუნებრივია, ეროვნული ბიბლიოთეკა ძალისხმევას არ ვიშურებთ, განვაახლოთ და უფრო აქტიურ ადგილებად გადავაქციოთ ჩვენი ბიბლიოთეკები.
– როდის დაიწყო „ეკვილიბრიუმი“?13876349_1779519888936575_6147171448491730781_n
– 2012 წლის შემდგომაზე დაიწყო ეს მოძრაობა. თავად „ეკვილიბრიუმი“ წონასწორობას ნიშნავს და გვინდა, რომ ეს წონასწორობა შენარჩუნდეს სოფელსა და ქალაქს შორის. ის, რა რესურსებიც ქალაქად არის ხელმისაწვდომი, ასეთივე რესურსები ხელმისაწვდომი იყოს სოფლად. და რომ სოფლის მოსახლეობას ადგილზევე, თავის სოფელში, თავისუფლად ხელი მიუწვდებოდეს წიგნებზე, ახალ გამოცემებზე.
–  ეროვნულ ბიბლიოთეკაში აქტიურად მიმდინარეობს გაციფრების პროცესი, ანუ ელექტრონულ ვერსიებზე მუშაობაც. თუ გათვალისწინებულია, რომ სოფლის ბიბლიოთეკებსაც მიუწვდებოდეთ ამაზე ხელი?
–  ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ელექტრონული რესურსები, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა ქმნის. ვაციფრებთ უამრავ წიგნს, პერიოდულ პრესას, ფოტოებს, პლაკატებს და სხვადასხვა გამოცემას. ჩვენ ვცდილობთ,  ასეთი ელექტრონული რესურსები ჩავურთოთ სოფლის ბიბლიოთეკებსაც, ანუ ჩვენი შიდა რესურსი გადავანაწილოთ მთელ საქართველოზე. ამ რუკაზე შეგნებულად არის დატანილი ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო  და აღნიშნავს, რომ ჩვენ იქ ვიყავით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი მთავარი პარტნიორი ამ სამეში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროვნული ბიბლიოთეკაა.
– გარდა წიგნებით მომარაგებისა, მნიშვნელოვანია სოფლის ბიბლიოთეკარების გადამზადების საკითხიც…
– კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის სოფლის ბიბლიოთეკარების გადამზადების პროგრამა, იმიტომ რომ დღეისათვის თანამედროვე საბიბლიოთეკო საქმე, მაღალ დონეზეა გადასული. ახალი საბიბლიოთეკო პროგრამები მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს და ჩვენც ვცდილობთ, ბიბლიოთეკართა კვალიფიკაცია თანამედროვე მოთხოვნებს შევუსაბამოთ. წელს ნაწილი სოფლის ბიბლიოთეკარებისა გადამზადდა, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ბიბლიოთეკარი მიიღებს მონაცილეობას კვალიფიკაციის ამაღლების კურსში.
„ეკვილიბრიუმისთვის“ წიგნების შეგროვება დიდი ხანია დაწყებულია. ამ მხრივ მრავალი ქველმოქმედი ადამიანიც არსებობს…
– ამ მხრივ ორი მიმართულებაა: ერთი,ეროვნული ბიბლიოთეკის სარეზერვო გაცვლითი ფონდი,  საიდანაც გამოვყოფთ წიგნებს, და მეორე, შემოწირულობები, რაც შემოდის კერძო პირების მხრიდან.
მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ცხადია, ძალიან ბევრი წიგნი გვჭირდება. არის ასეთი პროექტი, „წიგნი ყველა სოფელს“, რაც გულისხმობს წიგნების შეგროვებას. შეგროვილი წიგნები კი სხვადასხვა სოფელს უნაწილდება.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას, დიდ საქმეს გავაკეთებთ ერთად, თუ ისინი წიგნებს მოიტანენ ეროვნული ბიბლიოთეკის ნებისმიერ კორპუსში, მოტანილი წიგნები აღიწერება და შემდგომ სხვადასხვა სოფლის ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას.
მთავარია, ამ მხრივ კოორდინებული მუშაობა. სოფლის ბიბლიოთეკის საშუალებით ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა ექნება მოსახლეობას.  ძალიან მნიშვნელოვანია და ვმუშაობთ, რომ ყველა ბიბლიოთეკაში იყოს ხელმისაწვდომი ინტერნეტი. სოფლის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როდესაც ბიბლიოთეკაში მიდის, თანამედროვე ბიბლიოთეკა მის სამსახურში იქნება.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები