ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენას ონკოლოგები მხარს უჭერენ

ბავშვებში სიმსივნური დაავადებების მზარდ სტატისტიკას ბავშვთა ონკოლოგი ნინო ტოტოღაშვილი საქართველოში დიდი რაოდენობით ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების არსებობას უკავშირებს.
ნინო ტოტოღაშვილი დადებითად აფასებს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას და აცხადებს, რომ გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვი ბავშვებში ისეთ მწვავე დაავადებას იწვევს, როგორიცაა სიმსივნე და ლეიკემია.
“მთავრობას ძალიან კარგი ინიციატივა აქვს. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციაა უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების დასკვნებში წერია, რომ ბენზინის არაეფექტური ფილტრით წვა მავნე ნივთიერებებს გამოყოფს და განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე. ჭარბი გამონაბოლქვი ასევე იწვევს ქრონიკულ და ალერგიულ ბრონქიტს. საქართველოში ჟანგბადის კონცენტრაცია საკმაოდ დაბალია, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ტექნიკურად გამართული ავტომობილები, პირველ რიგში, გარემოზე მოქმედებს დადებითად და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს დაავადებების შემცირებას”, –  განუცხადა “პირველს” ბავშვთა ონკოლოგმა, ნინო ტოტოღაშვილმა.
მთავრობა, სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების ასამოქმედებლად, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ავტომობილების სავალდებულო ტესტირებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო კომპანიას დაიქირავებს. რეფორმაში 30 მლნ. დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან აღდგება. ავტომობილების ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა.  მისი ფასი 40 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები