მკვლელობაში ეჭვმიტანილს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გორის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზურაბ ფეიქრიშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს, საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში ზურაბ ფეიქრიშვილი და ვასილ ქამხაძე სტუმრად იმყოფებოდნენ თანასოფლელთან, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.
მეორე დღეს, 24 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე, კონფლიქტით განაწყენებული ზურაბ ფეიქრიშვილი მივიდა ვასილ ქამხაძის საცხოვრებელ სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელების ყელში წაჭერის გზით, ვასილ ქამხაძე მოახრჩო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზურაბ ფეიქრიშვილი იმავე დღეს ქ. კასპში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ფეიქრიშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები