ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მესამე გამოფენა გაიხსნა

2 ნოემბრიდან, ლადო გუდიაშვილის ფონდის ორგანიზებით, „ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში“ მხატვრის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მესამე გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო   წლებში შესრულებული  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამ თარიღთან დაკავშირებით, ლადო გუდიაშვილის ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, მხატვრის ოთხი საიუბილეო გამოფენა გაიმართება.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ლადო  გუდიაშვილის ფონდის  საგამოფენო დარბაზს ესტუმროს  ყოველდღე, 11:00 საათიდან  18:30 საათამდე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.
აღსანიშნავია, რომ მხატვრის საიუბილეო წელს მისივე სახელობის საგამოფენო დარბაზში დაარსდა  ლადო გუდიაშვილის ხელოვნების სტუდია, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებს შეასწავლის მსოფლიო ხელოვნების ისტორიას.
14940110_1079528422116762_4822627094890864295_oცნობისათვის: 1946 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის შეთავაზებით, ლადო გუდიაშვილმა ტოტალიტარულ ქვეყანაში, სადაც ათეიზმი სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე იყო აყვანილი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოხატა. ქაშვეთის ტაძრის საკურთხეველში ედემის ბაღის გამაერთიანებელ ფონზე გუდიაშვილმა ღვთისმშობელი ყრმით და მოციქულთა ზიარება გამოხატა, ხოლო მომიჯნავე კედლებზე – მთავარანგელოზი გაბრიელი და ღვთისმშობლის ხარების სცენა.
ლადო გუდიაშვილი 1980 წელს გარდაიცვალა. მისი შემოქმედება დაზგური ფერწერისა და გრაფიკის, წიგნის გრაფიკის, თეატრის და კინოს მხატვრობის ასობით ნამუშევარს მოიცავს. თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი მისი შემოქმედება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ოქროს ფონდის კუთვნილებაა.
1980 წელს ლადო გუდიაშვილის სახელი მიენიჭა ბათუმის მხატვრის სახლს.
1982 წლის 8 აპრილს, ასტრონომთა საერთაშორისო ორგანიზაციამ ლადო გუდიაშვილის სახელი მიანიჭა რ. ვესტის მიერ აღმოჩენილ მცირე პლანეტას.
1992 წელს ლადო გუდიაშვილის სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ცენტრში, სადაც ცხოვრობდა მხატვარი ოჯახთან ერთად. ლადო გუდიაშვილი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
1998 წელს ლადო გუდიაშვილის სახელი ეწოდა მოედანს თბილისის ისტორიულ ნაწილში.
2011 წელს ლ.გუდიაშვილის ქუჩაზე #11-ში გაიხსნა „ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები