„როგორც საკუთარმა დედამ, ისე გავაცილე ჩემი ოჯახიდან, ჩოხაში ჩაცმული, გაქრისტიანებული ტაოელი სიძე“…

ხევის სიყვარული თან სდევდა მუდამ – ბედნიერ ბავშვობაშიც და უცხოეთის ტკივილიან გზებზეც…  განსაცდელი ფეხდაფეხ სდევდა, მაინც ბოლომდე ზიდა ქალის, მეუღლისა და დედობის ტვირთი… შორეულ ირლანდიაშიც სამშობლოს სახელი და ღირსება მისთვის უმთავრესი იყო.
სამშობლოში დაბრუნების მერე მრავალ ხელოვანს გაუწოდა დახმარების ხელი, ახლახან კი
უწმინდესის მიერ გამოცხადებული საყოველაო ჯვრისწერის პროექტის ხელმძღვანელობა ჩააბარეს…  – რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია გიული ჩქარეული.

300692_260926180608045_541045992_n –  ბავშვობის გახსენებაზე ჩემ თვალწინ ჩნდებიან თოვლით დაფარული მაღალი მთები, მამა, რომელსაც ზურგზე წამოკიდებული მივყავარ სკოლაში, რადგან იმ დილით, როცა დიდი თოვლი მოვიდა, დედამ მითხრა, დღეს სკოლაში ვერ წახვალო. მამამ, მტირალი რომ დამინახა, ზურგზე შემისვა და ისე მიმიყვანა სკოლამდე. მამა სტამბის დირექტორად მუშაობდა, დედა დიასახლისი იყო. ოჯახში წიგნი ორივეს უყვარდა და შვილებსაც შეგვაყვარეს… დედა მკაცრად გვზრდიდა, კარგ სწავლასაც გვთხოვდა და საქმეც უნდა გვეკეთებინა. ამისთვის დიდი მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რადგან თუ არა ოჯახში ნასწავლი შრომის სიყვარული და მიზანდასახულობა, ჩემი ურთულესი ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან გამიჭირდებოდა თავისა და შვილების გადარჩენა.
რა დაგამახსოვრდათ ბავშვობიდან?
– ძალიან მიყვარდა სკოლა და წიგნის კითხვა. სახლში საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. როდესაც წაუკითხავი წიგნი აღარ დამრჩა, ბიბლიოთეკიდან მოტანილ წიგნებთან ღამეებს ვათენებდი, რომ დროზე ჩამებარებინა უკან. ქართულის მასწავლებელი მყავდა, ძალიან ძლიერი და საკმაოდ მკაცრი, ირაკლი ჩქარეული, რომელიც უცოდინარობას და სიზარმაცეს არასდროს გაპატიებდა.  ერთხელ მახსოვს, მეშვიდე კლასში შემიყვანა მესამე კლასის მოსწავლე და იქ ლექსი წამაკითხა. ისეთი პატარა ვიყავი, მერხზე დამაყენა, რომ ყველას დავენახე. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ჩემი ქართულის მასწავლებლის დიდი დამსახურებაა.
სტუდენტობა, დაოჯახება… 1924446_715653205135338_1632247104_n
– სკოლა 1970 წელს დავამთავრე და იმავე წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. იმავე წელს გავთხოვდი…
– მოხდა ისე, რომ, სხვა მრავალი ქართველის მსგავსად,  უცხოეთში წასვლა  მოგიწიათ…
– ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს ბავშვობიდანვე ვწერდი. რუსულიდან ვთარგმნიდი პატარ-პატარა საბავშვო მოთხრობებს და მაშინდელ რაიონულ გაზეთ „დარიალში“ ხშირად იბეჭდებოდა. წერა არც დაოჯახების შემდეგ შემიწყვეტია. უკვე გამოსაცემად მქონდა გამზადებული უამრავი ლექსი და ორი რომანი. მაგრამ მოხდა ისე, რომ საცხოვრებელი სახლი დაგვეწვა და, ყველაფერთან ერთად, ჩემი ნაწერებიც ცეცხლმა შთანთქა. სწორედ უსახლკაროდ დარჩენა, ჩემი შვილების შიშითა და ტკივილით, შიმშილითა და სიცივით გაუსაძლისი ყოფნა და ცრემლებით სავსე თვალები გახდა  საზღვარგარეთ წასვლის მიზეზი.
იქ განვლილ გზაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან ამაზე ჩემს წიგნში ვწერ, რომელიც ალბათ მალე გამოვა სამზეოზე. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს გზა იყო ცრემლითა და დარდით, ტკივილითა და მონატრებით, დაუზოგავი შრომითა და დაკარგული წლებით სავსე.
– გაიხსენეთ ლექსი, რომელსაც ყველაზე საინტერესო ისტორია აქვს… 12140053_1133688553331799_3695996806335821815_o
– ჩემი ლექსების უმეტესობა უცხოეთში ყოფნის დროსაა დაწერილი. ალბათ ამიტომაა ასეთი ტკივილიანი. ყველა ლექსს თავისი ისტორია აქვს, მაგრამ მე მაინც ლექსს „სიკვდილო“ გამოვყოფდი.
ირლანდიაში ახალი ჩასული ვიყავი, რომ საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ექიმებმა  სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. მაშინ შვილებიც არ მყავდნენ ჩემთან, ჩემს ქალაქში ქართველიც კი არავინ ცხოვრობდა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, – წასული ვარ უცხო ქვეყანაში შვილების ფეხზე დასაყენებლად და იქ მეუბნებიან, შენ კიბო გაქვსო… ვისთვის შემეჩივლა ჩემი გამოუვალი მდგომარეობის შესახებ, ისიც კი არ ვიცოდი? არ მახსოვს, როგორ მივედი სახლში. ტირილით დაღლილს ვედრებასავით აღმომხდა სიტყვები, რომელსაც ლექსის ფორმა მივეცი და მას „სიკვდილო“ დავარქვი.
– სალონი „ნოსტალგია“ დააარსეთ და არაერთი საინტერესო საღამო ჩაატარეთ…73832_166336843400313_80689_n
– ჩემი სალონი, – ის ჩემი „ნოსტალგიაა“ იმ სულიერებისა, რაც ასე მენატრებოდა და მაკლდა უცხო მიწაზე მყოფს… ის ჩემი ოცნებაა, მივცე ახალგაზრდა თაობას ის, რაც ასე ძალიან სჭირდებათ დღეს. აქ გამართული საღამოები, შეხვედრები თანამედროვე პოეტებთან სულის საგზალია წიგნდაკარგული თაობისათვის. მე ვამაყობ ჩემი ლიტერატურული სალონით, აქ გამართული საღამოებით,  მოწვეული სტუმრებით და ვფიქრობ, რომ ამ სალონმა შეძლო თავისი დანიშნულება შეესრულებინა, თავისი სათქმელი ეთქვა, თავისი ადგილი დაემკვიდრებინა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. სალონი დღესაც აგრძელებს შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან… რამდენიმე დღის წინ მან  ჩვენს საყვარელ პოეტს – ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლა. ნოემბერში ვმასპინძლობთ ბატონ თემურ ჩალაბაშვილს. ნათქვამს ნანახი ჯობიაო, – ხომ გაგიგონიათ, ჰოდა, მობრძანდით,  თქვენი თვალით ნახეთ, როგორი სითბო და სიყვარული ტრიალებს ამ სალონში..
– ახლოს ხართ და ზრუნავთ  თურქეთში მცხოვრებ  ქართველებზე.  ტაოელი შვილობილიც გყავთ…
– თურქეთელი ქართველები ჩვენი დიდი ტკივილია. დიახ, მე მყავს ტაოელი შვილობილები, რომლებიც დედას მეძახიან. ზაფხულს მათთან ვატარებ, ისინიც მსტუმრობენ დროდადრო. ერთი მათგანი მოვნათლე. მას ქართველი გოგონა შეუყვარდა. როგორც საკუთარმა დედამ, ისე გავაცილე ჩემი ოჯახიდან პატარძლის ოჯახში, ქართული წესის დაცვით, ჩოხაში ჩაცმული ტაოელი გაქრისტიანებული სიძე.
ერთ-ერთი სტუმრობის დროს სტამბოლში წამიყვანეს, ოჯახში, სადაც 128 წლის ბებო ჰყავთ. მან მიამბო, რომ მშობლებმა ის სკოლაში არ შეიყვანეს, რომ (თურქჩა) თურქული არ ესწავლა. მერე შვილებს ქართულს ვეღარ ასწავლისო. აი ასე უფრთხილდებიან დღემდე ქართულ ენასა და ქართველობას. ბევრი საინტერესო მასალა დამიგროვდა და ალბათ კიდევ შევაგროვებ. სამომავლოდ ვფიქრობ, მათზეც დავწერო. ვნახოთ, ყველაფერი უფლის ნებაა და თუ ჯანმრთელობამ შემიწყო ხელი, ალბათ შევძლებ.
ყველაზე დასამახსოვრებელი წუთები თქვენს ცხოვრებაში…1490732_592069334272784_2062735159161195804_o
– მე რომ დავბადებულვარ, მამა ჯარში ყოფილა. დედას წერილი გაუგზავნია, გოგო შეგეძინაო. მამას ხაშურელი მეგობარი ჰყოლია, იური ლომუაშვილი. მას უთქვამს, ჩვენი მეგობრობა რომ არ დაიკარგოს, მე მოვნათლავ ამ ბავშვსო და სახელიც მას დაურქმევია ჩემთვის. მერე ისე მოხდა, რომ ეს პატარა გოგონა გაიზარდა, სკოლაც დაამთავრა, გათხოვდა და ვერ მოინათლა, რადგან იცოდა, რომ იური ლომუაშვილს უნდა მოენათლა. მერე მე საზღვარგარეთ წავედი… იქიდან დაბრუნებულმა ფეისბუქზე ვიკითხე: ვინმე თუ ხართ ლომუაშვილი, გამომეხმაურეთ-მეთქი. გამომეხმაურა გოგონა, მე ვარ ლომუაშვილიო და აღმოჩნდა იმ იური ლომუაშვილის შვილიშვილი, რომელსაც უნდა მოვენათლე. მისმა ძმამ პატარა იური ლომუაშვილმა შემომთავაზა, მეც ხომ იური ვარ, მე ვიქნები ნათლიაო. მე უკვე მქონდა ნათქვამი მარინა ხარხელაურთან, რომ მას უნდა მოვენათლე და ასე მოვინათლე, უკვე ასაკში მყოფი. ასე რომ, მყავს ნათლიები: იური ლომუაშვილის ოჯახი და ტარიელ ხარხელაურის ოჯახი. ორივე ოჯახი უზომოდ მიყვარს და ვაფასებ.
 ფილმ „ხევისბერი გოჩას“ გადაღების პროცესი ყაზბეგში თქვენს სახლთან მიმდინარეობდა…
– ბავშვობის სასიამოვნო მოგონებებიდან გავიხსენებდი ფილმის „ხევისბერი გოჩას“ გადაღების პროცესს. მაშინ მერვეკლასელი ნაწნავებიანი გოგონა ვიყავი. ჩემი სახლის ახლოს იღებდნენ ძიძიას წყალში გადავარდნის სცენას. ბატონი თენგიზ არჩვაძე თოფით ხელში დარბოდა აქეთ-იქით, და უცებ ჩვენ (გოგოებს, რომლებიც ყველანი შეყვარებულები ვიყავით მასზე) მოგვიშვირა ეს თოფი… ეს ხუმრობა ისეთი ლამაზი და ეფექტური მოძრაობით გააკეთა, რომ დღემდე ღიმილით ვიხსენებ.993765_636353289710531_838714419_n
ამ ფილმის გადაღების დროს ჩვენთან იყო დიდი მსახიობი სპარტაკ ბაღაშვილი, ულამაზესი ლეილა აბაშიძე, ახოვანი და ასევე ულამაზესი ნუგზარ შარია. ჩვენ – ხევის ახალგაზრდები არ ვიყავით განებივრებულები ასეთი ცნობილი სახეების სტუმრობით. ხევის სტუმარ-მასპინძლობის ამბავი კი მოგეხსენებათ და მამაჩემმაც ისინი – ყველანი ოჯახში დაპატიჟა. ჩვენ, როგორც წესი, მაგიდასთან ახლოსაც არ მივსულვართ, ვისხედით კუთხეში და ბედნიერები ვიყავით იმითაც კი, რომ მათ ასე ახლოს და თან ჩვენს სახლში ასე მხიარულებსა და ლაღებს ვხედავდით. ბატონ ნუგზარს ეს შეხვედრა ერთ-ერთ პოეზიის საღამოზე მოვუყევი. ბევრი იცინა და თქვა, ხევი განსაკუთრებული ადგილია და მოხევეები კი ვაჟკაცნი არიანო.
– რას ნიშნავს თქვენთვის ხევი?
– ხევი ჩემთვის, პირველ რიგში, ჩემი სამშობლოს კარიბჭეა, ჩემი ქვეყნის საზღვარი და ჩემი მოხევეები – მისი ერთგული მცველები. შემდეგ ჩემი ტკბილი ბავშვობაა, რომელიც, სადაც უნდა ვიყო, თან დამყვება და, გინდაც წავიფორხილო, ფეხზე მაყენებს, თავის სიძლიერეს მაძლევს და მაფრთხილებს, რომ შეცდომის და ცუდად მოქცევის უფლება არა მაქვს. ხევი საპატიო მოვალეობაა ჩემთვის, რომ მუდამ ვიყო მისი ღირსეული შვილი.
 ყველაზე მეტად რა სჭირდება დღევანდელ საქართველოს?523329_456862914347703_1115506014_n
– ჩემს საქართველოს ყველაზე მეტად ერთობა სჭირდება, – ერის და ბერის, მთისა და ბარის ერთობა სჭირდება. ერთმანეთისადმი სიყვარული სჭირდება. იმის გათვითცნობიერება სჭირდება, რომ თუ ქართველი ქართველს გვერდში არ ამოუდგა, სულ ახლოს პირდაღებული ურჩხულია ჩასაფრებული და ისე გადაგვყლაპავს, ხელის შეშველებასაც ვერ მოვასწრებთ. უცხოეთიდან დაბრუნებულმა გათიშვა, სიცივე და ურთიერთდაპირისპირება უფრო მკვეთრად დავინახე. ეს კი დაღუპვის მეტს არაფერს მოგვიტანს. ამიტომ მჯერა, რომ ერთმანეთის სიყვარული და გვერდში დგომა გადაგვარჩენს.
 ქართველი ემიგრანტების უმთავრესი პრობლემა…
– ქართველი ემიგრანტების უმთავრესი პრობლემა სამშობლოში დაბრუნებაა. დიახ, არ გაგიკვირდეთ. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ უცხოეთში წასულები, ფესვებს დროებით მოწყვეტილები სამუდამოდ მოწყდნენ ფესვებს. 25 ათასი ქართველი ემიგრანტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არაფერს გეუბნებათ? ემიგრანტისთვის სამშობლოში უკან დასაბრუნებელ რაიმე პირობას ხედავთ? თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ გვიხარია, ოჯახს მოწყვეტილები რომ ვართ? გვიხარია, სხვის შვილებს რომ ვზრდით? მაშინ, როცა ჩვენი შვილები უდედოდ იზრდებიან? ანდა სხვისი მოხუცების მოვლა გვსიამოვნებს? როცა ჩვენი მშობელი თუ ბებია აქ ისე კვდება, ვუვლით კი არა, დაკრძალვაზეც ვერ ჩამოვდივართ? ამიტომ ისევ იქ მივედით, რომ ქართველ ემიგრანტს სამშობლოში დასაბრუნებელი პირობებიც და საშუალებაც უნდა ჰქონდეს.14717324_1299582963409023_1362637103845537810_n
საპატრიარქოსთან არსებულ ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი ხართ, უწმინდესის მიერ გამოცხადებული საყოველაო ჯვრისწერის პროექტის პირველი ჯვრისწერა უკვე შედგა…
– მას მერე, რაც საქართველოს მოქალაქეობა დამიბრუნეს, მომეცა საშუალება, უფრო ხანგრძლივი დროით დავრჩე საქართველოში. ვცდილობ, ავინაზღაურო დაკარგული წლები და რითაც შევძლებ, გვერდში დავუდგე ჩემს ხალხს. ამიტომ გავწევრიანდი საპატრიარქოსთან არსებულ ჩოხოსანთა საზოგადოებაში, რომელსაც უშუალოდ ჩვენი უწმინდესი ხელმძღვანელობს, ხოლო მოადგილე გახლავთ ბატონი ზვიად სეხნიაშვილი. სწორედ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ბატონი ზვიადის კეთილი ნებით დავინიშნე უწმინდესის მიერ გამოცხადებული საყოველთაო ჯვრისწერის პროექტის ხელმძღვანელად. პროექტი ახალია, მართალია ორი ნაკადის ჯვრისწერა უკვე შედგა და არცთუ ცუდად, მაგრამ აქ ბევრი რამ დასახვეწი და გასათვალისწინებელია. ჩვენ ამ საკითხებზე სასულიერო პირებთან შეთანხმებით ვმუშაობთ და მალე მივიღებთ ერთობლივ, სრულყოფილ და დახვეწილ პროექტს. უნდა გითხრათ, რომ მართალია ძალიან დამღლელი და ბევრი დროის წამღებია, მაგრამ, მერწმუნეთ, იმდენად სასიამოვნოა ხანდაზმულ წყვილთან მუშაობა და ურთიერთობა, რომ დაღლას უკვე ვეღარც კი ვგრძნობთ. ამ საქმეში ჩართულია მთელი ჩოხოსანთა საზოგადოება და პატრიარქის ნათლულები, რომლებიც ძალიან გვილამაზებენ ამ ცერემონიალს.
უამრავი ზარი შემოდის როგორც თბილისიდან, ასევე რაიონებიდან.14724518_1296891840344802_6143739092087850862_n
ისინი საკმაოდ ბევრნი არიან და სწორედ მათ გამო შეიქმნა ეს პროექტიც. ჩვენ ახალდაქორწინებულებს არ ვწერთ ჯვარს, მათ თავიანთი მოძღვრები ჰყავთ და იმ ტაძრებში დაიწერენ ჯვარს, სადაც მათი მოძღვარი მსახურობს. ჩვენ ჯვარს ვწერთ იმ წყვილებს, რომლებიც წლების წინ დაქორწინდნენ და მიზეზთა გამო ვერ მოახერხეს ჯვრის დაწერა. ჯვრისწერაზე მოძღვარი მამა შიო (ლომიძე) გახლავთ.
ჯვრისწერა შაბათობით იმართება, კვირას, ქადაგების მერე, ჩვენი უწმინდესი აცხადებს მათ გვარებს და ლოცავს ჯვარდაწერილებს, შემდეგ ჩოხოსანთა საზოგადოება მათ პატრიარქისგან ნაკურთხი ოჯახის სიძლიერის ხატით ასაჩუქრებს, სადაც მითითებულია ოჯახის გვარი.
მეორე ჯვრისწერაზე 81 წლის წყვილები გვყავდა.
 ქალის ბედი დღევანდელ საქართველოში…
– ქალის ბედი? არ ვიცი, რა გითხრათ. აქ იმდენი პრობლემა და იმდენი ტკივილია… ქალმა თითქოს დაკარგა თავისი ფუნქცია… სუსტ მხრებზე იმხელა ტვირთი წამოიკიდა, რომ ფორმაც კი დაკარგა… აბა, გადახედეთ სტატისტიკას, ემიგრანტთა უმრავლესობა ქალია, დედაა, ბებიაა. მათ დავიწყებული აქვთ საკუთარი „მე“… ისინი რობოტებივით მოქმედებენ, ყოველდღე ერთი და იგივე… გათენდება – სამუშაო, დაღამდება – ძილი (ვაი, იმ ძილს, ცრემლებით რომ დაასველებ ბალიშს)… კვირის ბოლოს ან თვის ბოლოს ფულის გამოგზავნა და ეს  წლების განმავლობაში გრძელდება… დასასრული? არ ვიცი და, მგონი, არც არვინ იცის…  ესაა დღევანდელი ქალის ბედი. როგორ გგონიათ, აქ დარჩენილი ქალები უკეთეს დღეში არიან? არა მგონია… ეს უკვე თქვენ იცით, აქეთ დარჩენილებმა…
–  ქველმოქმედი ბრძანდებით…  10246680_854525161241245_2212083697318511878_n
– ამ კითხვაზე მართლა მიჭირს პასუხის გაცემა… ძალიან ბევრია, ვისაც დახმარება სჭირდება და მე ეს არ შემიძლია, უფრო სწორედ, ამდენი არ შემიძლია… მყავს ჩემი სამეგობრო, სადაც არიან ექიმები, პოეტები, მსახიობები, პროფესორ-მასწავლებლები, უბრალო ადამიანები. მივდივართ იქ, სადაც ვიცით, რომ სჭირდებათ ექიმი, მიგვაქვს წამლები, მეორადი ტანსაცმელი, სურსათი და ყველაფერს საკუთარი სახსრებით ვაკეთებთ… ალბათ შეგვაძლებინებს უფალი და უფრო მეტს გავაკეთებთ, მაგრამ უფრო იმის იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი გამოსწორდება.
იმედმა გადამარჩინა, იმედმა დამაყენა ფეხზე და ასევე იმედიანად მწამს, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება, ერთმანეთის სიყვარულით, უფლის სიყვარულით ერთად დავდგებით, ხელიხელჩაკიდულნი გავძლიერდებით, და მაშინ აღარც ემიგრანტი გვეყოლება და აღარც გაჭირვებული…196079_430511136982881_849794660_n
 თქვენი  შვილებიც უცხოეთში ცხოვრობენ…
– მყავს ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი. ყველა ემიგრანტია და უცხოეთში ცხოვრობს. ამიტომაცაა ემიგრანტების პრობლემა ჩემთვის ასე ახლობელიც და  მტკივნეულიც.

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები