ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.
ამ მომენტისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის დროებით შეზღუდულია.
“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკანასკნელი წლებია ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის გეგმას ახორციელებს. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური კომპლექსური კვლევები და სამუშაოები, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ინტერიერში წარმოდგენილი XII საუკუნის ფრესკების საკონსერვაციო მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტთან, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნების ისტორიის შესწავლაზე და საერთაშორისო მასშტაბით დარგში აღიარებული უნივერსიტეტია. კურტოს ინსტიტუტთან და თბილისის სამხატვრო აკადემიასთან ერთად, ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის მხატვრობის დეტალური შესწავლა, დოკუმენტირება და საკონსერვაციო მდგომარეობის დიაგნოსტიკა. კვლევა ითვალისწინებს კედლის მხატვრობის საფუძვლის ფენის, ნალესობის ფენის, ფერწერული ფენის შესწავლას. ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მხატვრობის ბუნებრივი დაზიანების საფრთხე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არ არსებობდა“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები