თსუ-ს რექტორის მოადგილის თანამდებობა მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი იქნება.
მისი კანდიდატურა რექტორმა ცოტა ხნის წინ წარადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება თსუ-ს რექტორმა, გია შერვაშიძემ საკუთარი ინიციატივით მიიღო.
როგორც შერვაშიძემ განაცხადა, მიხეილ ჩხენკელი საკმაოდ მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის.
„მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს იმ მიმართულებას, რომელიც დაკავშირებულია სტრატეგიულ დაგეგმარებასთან, ჩვენს საერთაშორისო კონტაქტებთან და იმ ახალ შინაარსთან, რომელზეც გვინდა, რომ გადავიყვანოთ მთელი საუნივერსიტეტო სივრცე“, – განაცხადა გია შერვაშიძემ.
თავის მხრივ, განცხადება გააკეთა მიხეილ ჩხენკელმაც და პირობა დადო, რომ ცოდნას, გამოცდილებას და ენერგიას  განვითარების საქმეს მოახმარს.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნება. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ განვითარების საქმეს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მივაღწევთ მიზანს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი დამკვიდრდეს მსოფლიო რანგის უნივერსიტეტის თანავარსკვლავედში“, -განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მიხეილ ჩხენკელი ახალ თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ იგი ამერიკაში დაახლოებით 20 წელი მოღვაწეობდა და წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები