ირაკლი კობახიძე – „ენჯეოების“ წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებაზე: ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე და ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება
„ენჯეოების“ წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარება არ არის ჩემი საქმე, ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე და ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ენჯეოების“ წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის უცნობია, სადამდე მივა გამოძიება.
„მესამე სექტორი“ რას ნიშნავს – ვერავინ ახსნის ამას, ეს არის სრული ფარსი, ან „სამოქალაქო საზოგადოება“ რას ნიშნავს – ამასაც ვერავინ ახსნის. თუ „სამოქალაქო საზოგადოება“ არის „ენჯეოები“, მაშინ გამოდის, რომ ყველა დანარჩენი, სულ ყველა ვართ არასამოქალაქო საზოგადოება, პროფესორი, რომელიც ასწავლის უნივერსიტეტში, არის არასამოქალაქო საზოგადოება, საოცრებაა. ეს ყველაფერი არის „დიფ სთეითისგან“ თავს მოხვეული უბედურება, არავითარი „სამოქალაქო საზოგადოება“, არავითარი „მესამე სექტორი“ „ენჯეოები“ არ არიან. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე, სადამდე მივა გამოძიება, ეს მე არ ვიცი, ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება“, – აღნიშნა პრემიერმა.