ირაკლი კობახიძე: ხაზარაძემ და გახარიამ მერობის კანდიდატად დააყენეს „ლელოს“ ერთ-ერთი თანამშრომელი, საოცარი მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში და ალბათ, ამასაც გაერიდა ბატონი გახარია, რომელსაც გარიდება, ზოგადად, სჩვევია
ხაზარაძემ და გახარიამ მერობის კანდიდატად დააყენეს „ლელოს“ ერთ-ერთი თანამშრომელი, საოცარი მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში და ალბათ, ამასაც გაერიდა ბატონი გახარია, რომელსაც გარიდება ზოგადად სჩვევია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, რა მიზეზით არ ჩამოდის გახარია საქართველოში, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მას ეშინია.
„ეშინია, თან რისი ეშინია, მე არც ვიცი. სამართლებრივად, მე, როგორც იურისტმა, შემიძლია ვიმსჯელო, მას არ უწევდა წინასწარი პატიმრობა იმ საქმიდან გამომდინარე, რომელიც არის აღსრულებაში. ამას ვამბობ, როგორც იურისტი, მაგრამ მაინც შეეშინდა. შეიძლება, ეს არაიურისტობას დააბრალოს. შეეშინდა და გაიქცა ქვეყნიდან. ის ასევე დაემალა იმ რთულ პროცესებს, რომლებშიც არის შესული რადიკალური ოპოზიცია. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობაა დღეს, საკუთარი კანდიდატიც კი ვერ დააყენა მისმა პარტიამ რეალურად. ხაზარაძემ და გახარიამ დააყენეს კანდიდატად „ლელოს“ ერთ-ერთი თანამშრომელი. საოცარი მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში და ალბათ, ამასაც გაერიდა ბატონი გახარია, რომელსაც გარიდება, ზოგადად, სჩვევია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.