„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის წარდგენისას – სრულად

თბილისი ხომ მხოლოდ ქალაქი არ არის. იგი საქართველოს ისტორიის, მისი კულტურისა და იდენტობის სახეა – ჩვენი ერის ერთიანობის, გამარჯვებებისა და წინსვლის სიმბოლო. ამდენად, იყო პასუხისმგებელი თბილისის აწმყოსა და მომავალზე, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც ჩემს გუნდთან ერთად, კარგად ვაცნობიერებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ისევე, როგორც ნებისმიერ ქალაქს, სჭირდება განახლება, განვითარება, მეტი რეკრეაციული სივრცე, განვითარებული ინფრასტრუქტურა, კომფორტული საცხოვრებელი გარემო, უძველესი ისტორიის შენარჩუნება, კიდევ უფრო ბევრი სიახლე და თანამედროვე ქალაქად გარდაქმნა.

„ყველა რეფორმა, რაც ბოლო რვა წლის მანძილზე წამოვიწყეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. შედეგი სახეზეა: გაპარტახებული სკვერები და პარკები იქცა ულამაზეს რეკრეაციულ სივრცეებად, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია გართობა და დასვენება. განახლდა და მოდერნიზდა თბილისის უძველესი ქუჩები და გამზირები. დავიწყებას მიეცა ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაცოცხლდა ისტორიული უბნები. რეალობად იქცა ასობით თბილისელის ოცნება – მიეღო ქონება, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მის მშობლებსა და ბებია-ბაბუებს დაკარგულად მიაჩნდათ. დაწყებულია მშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემების მოგვარება. დღეის მდგომარეობით, დავეხმარეთ 12 ათასამდე ოჯახს და მივეცით შესაძლებლობა, მიიღონ საკუთარი ფართები, რომლებიც ათეულობით წლების წინ შეიძინეს. მიმდინარეობს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უძველესი ქალაქის განახლებისთვის. ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ ბევრად უკეთესი შესაძლებლობა, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაკავდნენ სპორტით, გაერთონ და ივარჯიშონ თანამედროვე სპორტულ მოედნებზე და სკეიტ პარკებში. საპენსიო ასაკის თბილისელებს შეუძლიათ, ისარგებლონ უფასო სპორტული თუ შემოქმედებითი პროგრამებით. აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, კულტურის, სპორტის, განათლების, მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით არსებულ სერვისებზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით. გვინდა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის, უფრო გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი, რათა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი იყოს საცხოვრებლად.

თბილისმა დაიბრუნა ის ხიბლი, რაც მას გამოარჩევს – სიცოცხლისუნარიანობა, სილაღე და სიხალისე. ეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმის, ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული რეფორმების, პროექტებისა და პროგრამების დამსახურებაა. ამაში, რასაკვირველია, დიდია თბილისის საკრებულოს როლი, რომელიც არის ქალაქის განვითარებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო. საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და თბილისელების წინაშე აღებული დიდი პასუხისმგებლობით, შემუშავდა და მიღებულ იქნა ჩვენი ქალაქისთვის უმინიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სახელით, სიამოვნებით წარმოგიდგენთ პარტიული სიას თბილისის საკრებულოში:

1. შალვა სუთიაშვილი – ცნობილი ქართველი მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი. სპორტული კარიერის პარალელურად, მან მიიღო კარგი განათლება “ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის“ მიმართულებით, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. მართავს ფრანგულ და ქართულ საერთაშორისო კომპანიებს.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიო მასშტაბით და თავადაც არაერთ ქართველ მეწარმეს გაუწია დახმარება, რათა ქართული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გასულიყო.

შალვა არის 4 ვაჟის მამა, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული კაცი, რომელმაც ერთი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო სამშობლოში და აქ გაეზარდა შვილები. აი, ასეთი ადამიანი გვეყოლება ჩვენ თბილისის საკრებულოში.

2. თინათინ ნიბლოშვილი – განათლებით სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. თიკო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, აქვს თბილისის საკრებულოში საქმიანობის დიდი გამოცდილება. მან ჩვენი ქალაქისთვის საჭირო ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში მიიღო მონაწილეობა. ის ასევე წლებია მუშაობს თბილისის საკრებულოში ქალთა საკითხებზე. მინდა, წარმატებები ვუსურვო თიკოს!

3. ბექა დავითულიანი – ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი. 2017 წლიდან, როდესაც ჩვენ მოვედით თბილისის მთავრობაში, ბექა სრულად არის ჩართული დედაქალაქის განვითარებისთვის მიმდინარე ყველა პროცესში. ბექა იყო თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი. მისი ინიციატივით თბილისისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი გადაწყდა.

ამჟამად ბექას უკავია კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბექა არის ადამიანი, რომელიც საკრებულოს მუშაობას გახდის კიდევ უფრო წარმატებულს.

4. გურამ ნიკოლაშვილი – ისტორიკოსი და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი. იგი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად საქმიანობს მედიასივრცეში, არის კომუნიკაციის კონსულტანტი და მუშაობს სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის მიმართულებით.

გურამის განსაკუთრებული ინტერესის საგანია თბილისის ისტორიული მემკვიდრეობა და კულტურულ-საგანმანათლებლო სფერო. მას აქვს მუნიციპალიტეტში მუშაობის კარგი გამოცდილება, იყო მედიათეკების გაერთიანების დირექტორი და ბიზნესაქსელერატორის ხელმძღვანელი. წარმატებები მინდა ვუსურვო მას!

5. ნიკოლოზ კახეთელიძე – ინჟინერ-მშენებელი, ურბანისტი, თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი. ნიკოს აქვს როგორც მუნიციპალიტეტში, ისე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის უდიდესი გამოცდილება. მისი ხელმძღვანელობით დაპროექტდა, აშენდა და რეაბილიტირდა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი თბილისში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყაზბეგის საბაჟო, კარწახის საბაჟო, გაფორმების ეკონომიკური ზონა-2 თბილისში. 2021 წლიდან ნიკო თბილისის საკრებულოს წევრია, ხელმძღვანელობს გარემოს დაცვის კომისიას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო!

6. ნინო ვარდოსანიძე – იურისტი, სამართლის მაგისტრი, თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე,

იყო სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე. მისი საქმიანობის დროს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომლის უშუალო თანაავტორი გახლდათ. ნინოს ასევე აქვს საქართველოს პარლამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი ცოდნა და პროფესიონალიზმი მომავალშიც დაეხმარება თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში.

7. ავთანდილ ცინცაძე – ქართველი სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, ჩვენი გუნდის აქტიური წევრი. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი. მისი ენერგია და გამოცდილება სჭირდება თბილისის საკრებულოს და თბილისელებს.

8. კონსტანტინე ზარნაძე – განათლებით სამართლის მაგისტრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი. კოტეს საქმიანობას ყველაზე კარგად გლდანის რაიონის მოსახლეობა იცნობს, რადგან ყოველდღიური უწყვეტი ურთიერთობა აქვს მათთან. იგი აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრაში და ზედმიწევნით იცის ყველა საკითხი, რაც გლდანის რაიონს და ზოგადად თბილისს უკავშირდება. მინდა, წარმატებები ვუსურვო კოტეს!

9. ბექა ოდიშარია – მას წარდგენა არ სჭირდება, საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ეკონომისტს, იურისტს, პოლიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის 2 მოწვევის წევრს, შეუპოვარ, მებრძოლ, პატრიოტ ადამიანს. ბექა წლებია აქტიურად არის ჩართული თბილისისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში და დღესაც მზად არის თავისი ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი მოახმაროს თბილისის განვითარებას.

10. ოთარ ჩრდილელი – ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი. იგი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის 2012 წელს, ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“, შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში. ვფიქრობ, ოთოს სახით თბილისის საკრებულო შეიძენს პროფესიონალ, გამოცდილ წევრს.

11. გიორგი ხუროძე – გამოცდილი ფინანსისტი, განათლება მიიღო მადრიდში, ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში. გიორგის აქვს კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლებია წარმატებით ხელმძღვანელობს სხვადასხვა ფინანსურ და საინვესტიციო პროექტებს. დღეს გიორგი მზად არის, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს თბილისის განვითარებას.

12. კახა ბერაძე – ეკონომისტი, მრავალწლიანი გამოცდილებით სახელმწიფო და კერძო სექტორში. აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის ფართო გამოცდილება საგადასახადო სტრუქტურებში, ანალიტიკასა და ადმინისტრირებაში. კახა გამოირჩევა სტრატეგიული დაგეგმვის, პროცესების მართვისა და მენეჯერის უნარებით. მისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება თბილისის საკრებულოს.

13. ლევან არველაძე – მასაც კარგად იცნობს ჩვენი მოსახლეობა. ლევანი წლებია საკრებულოს წევრია, ხელმძღვანელობს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის ფართო გამოცდილება. არის პრინციპული, სამართლიანი ადამიანი და რაც მთავარია, თბილისის დიდი გულშემატკივარი.

14. ლევან აბაშიძე – სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, ასევე დამთავრებული აქვს სამაგისტრო პროგრამა ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში და დიდი ბრიტანეთის ქალაქ იორკის უნივერსიტეტში (University of York) ევროპული საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.

ლევანი მუშაობდა განათლების სამინისტროში მანდატურის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის უფროსი. ამჟამად იგი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე. წარმატებებს ვუსურვებ ლევანს!

15. ალექსანდრე მუკათარიძე – მედიკოსი, დოქტორანტი, 2016 წლიდან დღემდე იგი ხელმძღვანელობს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდულ სამსახურს. არის სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციის და ასოციაციის თავმჯდომარე. ახალგაზრდა, ენერგიული, პატრიოტი ადამიანია და მისი სახით თბილისის საკრებულო საქმის ერთგულ ადამიანს შეიძენს.

16. ნოდარ ბოკერია – კიდევ ერთი ახალგაზრდა წევრი შეემატება საკრებულოს მისი სახით. ნოდარი იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, არის ოქსფორდის დიპლომატიური საზოგადოების წევრი, დუბაიში მსოფლიოს დიპლომატიური კონფერენციის გამარჯვებული. მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. აქტიური, კომუნიკაბელური ადამიანია. მინდა, ნოდარს ვუსურვო წარმატებები!

17. მარიამ გრიგოლიშვილი – ვილნიუსის უნივერსიტეტის 4 გზის სტიპენდიანტი და სამართლის მაგისტრი, ადამიანის უფლებების სპეციალიზაციით. ასევე ეუფლება სამაგისტრო პროგრამას ბიზნესის სამართლის მიმართულებით. მარიამს გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო კურსი. წლებია საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” აპარატის თანამშრომელია და მუშაობს კანონპროექტების შემუშავებაზე.

წარმატებები მინდა ვუსურვო მას!

18. ლუკა ძაძამია – ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია, სამართალმცოდნე, სამგზის სახელმწიფო სტიპენდიანტი. მას აქვს გავლილი კარგი იურიდიული პრაქტიკა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში. ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მიღებული აქვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო.

19. ქეთევან ჭავჭანიძე – ჟურნალისტი, პოეტი, ლექსების კრებულის ავტორი. ქეთევანი ჩუღურეთის რაიონის “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეა, არის საზოგადოებრივი მოძრაობა “ამორჩეველთა ლიგის” დამფუძნებელი. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას!

20. ლალი კოლომიკოვი – ფილოლოგი, საჯარო მმართველობის მაგისტრი, აქვს კარგი გამოცდილება, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ისე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის კუთხით. დარწმუნებული ვარ, მისი ცოდნა და გამოცდილება გამოადგება თბილისის საკრებულოს.

მეგობრებო, დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ თბილისის საკრებულოში ჩვენი პარტიული სია. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ თითოეულ მათგანს გამოარჩევს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა ამ ქალაქის წინაშე. წარმატებული, საქმიანი, გამოცდილი გუნდი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, მზად არის, ემსახუროს თბილისს და თბილისელებს.

ჩვენ მზად ვართ, გავხადოთ თბილისი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების ქალაქი. ამისთვის კი, პირველ რიგში, საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება, დაწყებული რეფორმების გაგრძელება და მათი ბოლომდე მიყვანა. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც ამ დაპირებას პირნათლად შეასრულებს.

ჩემო თბილისელებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის, რასაც ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები. გჯეროდეთ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და კვლავაც იქნება თქვენი ინტერესების დაცვა და ჩვენი ულამაზესი თბილისის განვითარება. მეგობრებო, წინ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები, საჭიროა თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა. გახსოვდეთ, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია თბილისის მომავლისთვის! გაუმარჯოს თბილისს! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები