პირველად საქართველოში, „ვეფხისტყაოსანი” გრაფიკული რომანის სახით გამოიცა

„თი-ბი-სი გალერეაში“ პაპუნა დავითაიას წიგნის -„ვეფხისტყაოსანი“ – გრაფიკული რომანი” წარდგინება გაიმართა.
როგორც „კვირას“ „თი-ბი-სი ბანკში“ განუცხადეს, „ვეფხისტყაოსანი“ – გრაფიკული რომანი” პირველი ქართული გრაფიკული რომანია, რომელიც წიგნის სიუჟეტს 1500-მდე ილუსტრაციით და მინიმალისტური, თანამედროვე ტექსტით გვიამბობს.
„ვეფხისტყაოსანი” პაპუნა დავითაიას და გამომცემლობა „არტანუჯის” პირველი ერთობლივი პროექტია, რომლის შემდეგ სხვა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების გრაფიკული ვერსიების შექმნაც იგეგმება.
სცენარის ავტორი და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი, კინომეწარმე და მხატვარი პაპუნა დავითაია რამდენიმე ანიმაციური და მხატვრული ფილმის რეჟისორი და პროდიუსერია. დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის ანიმაციის სკოლა და ნიურნბერგის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ლოს ანჯელესში შეისწავლა გრაფიკული რომანის შექმნის ხელოვნება.
გრაფიკული რომანი ამერიკაში 1930-იან წლებში წარმოიშვა, როგორც „კომიქსის” ერთ-ერთი მიმართულება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი იაპონური ვერსია „მანგა” იაპონიაში 1950-იანი წლებიდან იწარმოება, ხოლო ევროპამ გრაფიკული რომანების წარმოება უფრო მოგვიანებით, 1970-იან წლებში დაიწყო.
„საქართველოში გრაფიკული რომანი არ არის ფართოდ გავრცელებული და პოპულარული, თუმცა სადავო არ არის, რომ ბავშვებისთვის, შინაარსზე მეტი კონცენტრაციისა და უკეთ აღქმისათვის, გრაფიკული რომანი ძალიან სახალისო და საჭირო ჟანრია. ვფიქრობ, ამ ფორმით ჩვენი ბავშვები „ვეფხისტყაოსნის” უკეთ გაგებას შეძლებენ და შემდეგ უკვე პოეზიასთან ზიარებით გაიღრმავებენ მის სიყვარულს”, – ამბობს პაპუნა დავითაია.
წიგნის წარდგინების პარალელურად, „თი-ბი-სი გალერეაში“ პაპუნა დავითაიას მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოებიც გამოიფინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები