ფესტივალი „საჩუქარი“: მანანა მენაბდის გამოფენა გაიხსნება

1 ნოემბერს, 15:00 საათზე, ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, მანანა მენაბდის გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ თუმანიშვილის თეატრში განუცხადეს, გამოფენა ასახავს მანანა მენაბდის ფოტოგრაფიულ შემოქმედებას და მასში თავმოყრილია სხვადასხვა მოტივზე აგებული ფოტოსერიები: „ტანგოს ლანდები“, „მანეკენი და სიცოცხლე“, „გრაფიკული ფოტოები“, „ფერწერული ფოტოები“, „აკვარელი“, „პასტელი“, „შუქ-ჩრდილები“.
ცნობისათვის: მანანა მენაბდეს იცნობენ, როგორც მუსიკოსს, მხატვარს, ფოტოგრაფს, რეჟისორს. ხელოვნებათმცოდნეების თქმით, იგი ყოველ დარგში სრულიად თავისთავადი, ორგანული შემოქმედია, რომელიც არცერთ სახელოვნებო ტენდენციას არ იმეორებს.
1991 წლიდან იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბერლინში, ატარებდა კონცერტებს, მართავდა გამოფენებს. მონაწილეობდა ბერტოლტ ბრეხტის ლიტერატურული სახლის საღამოებში, ატარებდა ლიტერატურულ შეხვედრებს, სოლო კონცერტებს. ამავე პერიოდში ჰქონდა პერსონალური გამოფენები თბილისში, მოსკოვში, კიევში, ბერლინში. 1992 წელს ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა მანანა მენაბდეს ლიტერატურული სტიპენდია დაუნიშნა.
იგი მუშაობდა კერამიკის მოხატვაზეც. შექმნა მუსიკალური ალბომები, გამოიცა მისი იგავ-არაკების პირველი პუბლიკაციები გერმანულ ენაზე. გამოსცა იგავ-არაკების კრებული და ავტობიოგრაფიული რომანი.
ფოტოგრაფიით მანანა მენაბდე 70-იან წლებში დაინტერესდა.
„მენაბდის გასაოცარი ნიჭი იმაშიც გამოიხატება, რომ მას ერთდროულად ტრადიციაში ყოფნა და, ამავდროულად, ტრადიციის დარღვევა შეუძლია“, – ამბობს ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი ჰანელორე უმბრაიტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები