შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა „სადახლოზე“ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გახსნეს (ფოტო, ვიდეო)
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო სექტორ „სადახლოზე“ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გახსნეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ერთობლივი საფრთხეების შემცირების დეპარტამენტის (DTRA) დირექტორი ელიზაბეტ ჯორჯი, შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„დღეს ჩვენ, DTRA-ს მხარდაჭერით, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ვხსნით ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრს. ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა უნიკალური პროექტია, რომლის ტექნოლოგიურ მხარდაჭერასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის სამეთვალყურეო სისტემა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაინერგა. მისი მიზანია საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება და გაუმჯობესებული კონტროლი, რაც, თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.
მართვის ცენტრის მოწყობა DTRA-ს მიერ დაფინანსებული მწვანე საზღვრის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტის მიზანია სასაზღვრო სექტორებისა და შსს-ის სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების თანამედროვე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით აღჭურვა.