ბერლინის ფესტივალის ქართულ პროგრამაში 11 თანამედროვე ავტორი და ხელოვანი მონაწილეობს

ბერლინის ლიტერატურის ფესტივალზე, Stadt Land Buch-2016 საქართველო ფოკუს ქვეყნის სტატუსით წარდგება.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს,  13-20 ნოემბერს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გერმანიის გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციასთან (ბერლინი-ბრანდენბურგი) და ლიტერატურულ სააგენტოსთან – Antas Bindermann Listau GbR თანამშრომლობით, ბერლინის ფესტივალისთვის დაგეგმილ სპეციალურ ქართულ პროგრამაში 11 თანამედროვე ავტორი და ხელოვანი მონაწილეობს.
ერთი კვირის განმავლობაში, გერმანული აუდიტორიის წინაშე საკუთარ შემოქმედებას ნინო ხარატიშვილი, ლაშა ბუღაძე, ბექა ადამაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ლია სტურუა, რატი ამაღლობელი, ტორესა მოსი, ანრი ლომია, დავით ადამაშვილი, კოტე ჯანდიერი და დიანა ანფიმიადი წარადგენენ.
„ქართული პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი ხუთი ლიტერატურული და კულტურული ღონისძიება ბერლინის სხვადასხვა ცნობილ სახელოვნებო სივრცეში – Deutsches Theater, TAK, Babylon Kino, Literaturhaus Berlin, Buchhändelerkeller გაიმართება. ღონისძიებებს მოდერაციას წამყვანი გერმანელი ჟურნალისტები და ლიტერატურის კრიტიკოსები ტილმან შპრეკელსენი, კნუტ ელსტერმანი, კოლია მენსინგი, დანიელა სილი და გერმანიაში მოღვაწე ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი გაუწევენ.
ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ნინო ხარატიშვილი რომანით „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ და ლაშა ბუღაძე „ლიტერატურულ ექსპრესით“ წარდგებიან; დებიუტანტის სალონში ბექა ადამაშვილი „ბესტსელერით“, წიგნი და კინოს ფორმატში კი ნანა ექვთიმიშვილი რომანით „მსხლების მონდორი“ და ფილმით „გრძელი ნათელი დღეები (In Bloom)“ მონაწილეობს.
ტორესა მოსის ბენდის ცოცხალი მუსიკის აკომპანიმენტით გაიმართება ლია სტურუასა და რატი ამაღლობელის პოეზიის და თავად ტორესა მოსის პროზის საღამო. ლიტერატურულ ღონისძიებას მუსიკალურად ტორესა მოსისთან ერთად ანრი ლომია და დავით ადამაშვილი გააფორმებენ.
ქართული პროგრამის ბოლოს გაიმართება კოტე ჯანდიერის „გლობალიზაციის“ კითხვა და დიანა ანფიმიადის „პირადი კულინარიის“ წარდგენა, რომელიც კულინარიული შოუთი დასრულდება. ტექსტებს მხატვრულად ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი წაიკითხავს.
ქართული პროგრამა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გერმანიის გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციასთან (ბერლინი-ბრანდენბურგი) და ლიტერატურულ სააგენტოსთან Antas Bindermann Listau GbR თანამშრომლობითა და ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობების – „პალიტრა L“, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და გერმანიაში ქართული ღვინის ინტერნეტმაღაზიის „ქართული პროდუქტი“ მხარდაჭერით ხორციელდება“, – აღნიშნულია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბერლინის ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში 150 ლიტერატურული და კულტურული ღონისძიება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები