რა შეემთხვა რეალურად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს თვითმფრინავში – ცნობა რუმინეთის კლინიკიდან

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნული თავმჯდომარის, ზაზა თავაძის მიერ ევროპაში გამართულ პირველ ოფიციალურ ვიზიტს სკანდალი მოჰყვა – სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ ვიზიტისას ზაზა თავაძე თვითმფრინავიდან ალკოჰოლური მოწამვლის დიაგნოზით პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა. ფეისბუქმომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთმა მედიასაშუალებამაც აქტიურად გააშუქა.

14881423_10210971909394599_1839541675_o„კვირამ“ ექსკლუზიურად ზაზა თავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოიპოვა ცნობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ქალაქ იასის კარდიოლოგიურმა კლინიკამ მიაწოდა. სწორედ აღნიშნულ კლინიკაში გადაიყვანეს ზაზა თავაძე მას შემდეგ, რაც ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით გამოფრენილმა “ვიზეარის“ თვითმფრინავმა, თავაძის შეუძლოდ გახდომის გამო, რუმინეთში არაგეგმიური დაშვება განახორციელა. აღნიშნული ცნობიდან არ დასტურდება, რომ ზაზა თავაძის შეუძლოდ გახდომის მიზეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გახდა.
„ცნობა ეძლევა ბატონ ზაზა თავაძეს, რომ ის 2016 წლის 26 ოქტომბერს კარდიოვასკულარული დაავადებების ინსტიტუტში “Frof. George I. M. Georgesku” შემდეგი დიაგნოზით მოათავსეს – „მწვავე კორონარული სინდრომი“. ამჟამად პაციენტს ყველა აუცილებელი პროცედურა უტარდება. ცნობა ეძლევა სამსახურში წარსადგენად“, – აღნიშნულია იასის კარდიოლოგიური კლინიკის მიერ გაცემულ ცნობაში.

„კვირამ“ ის ერთ-ერთი მგზავრიც ჩაწერა, რომელიც ვილნიუსი-ქუთაისის იმავე ავიარეისით მოფრინავდა, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე მგზავრობდნენ. როგორც თვითმხილველი აცხადებს, მგზავრის შეუძლოდ გახდომის მიზეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია არ  ყოფილა. მისი თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა წნევის ცვალებადობის გამო გაუარესდა.
Самолет компании WizAir. Аэропорт Вильнюса_b

„ვილნიუსიდან რომ გამოვფრინდით, დაახლოებით ერთ საათში, მგზავრი გახდა შეუძლოდ, წნევის პრობლემა შეექმნა. ყველანი ძალიან ვწუხდით მისი მდგომარეობის გამო, ბორტგამცილებლები შეეცადნენ მის დახმარებას, თუმცა, კვლავ შეუძლოდ იყო. ამიტომ თვითმფრინავი რუმინეთის აეროპორტში დაეშვა, ამ გადაწყვეტილებას მგზავრები ოვაციით შევხვდით, რადგან ვხედავდით, რომ ჩვენი ძალებით დახმარებამ შედეგი ვერ გამოიღო და საჭირო იყო ექიმების ჩარევა. აეროპორტში მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ალკოჰოლურ ინტოქსიკაციაზე არაფერი უთქვამს ექიმს. მან მგზავრის პირველადი გასინჯვის შემდეგ განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და წნევის ცვალებადობა აკლიმატიზაციის შედეგი იყო.
ჩამოფრენის შემდეგ გავიგე, რომ მამაკაცი რომელიც შეუძლოდ გახდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი დეზინფორმაცია გავრცელდა მის შესახებ“, – განაცხადა მგზავრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

როგორც „კვირას“ საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, ზაზა თავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

„არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ მგზავრების მიერ გამოჩენილი ყურადღება და თანადგომა. ზაზა თავაძემ მადლობის წერილი გაუგზავნა ავიაკომპანია “ვიზეარს“, – განუცხადეს “კვირას“ საკონსტიტუციო სასამართლოში.

რუმინეთში განხორციელებული არაგეგმიური დაშვების გამო, ვილნიუსიდან გამოფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში 2 საათის დაგვიანებით, 11:-35 წუთზე დაჯდა. რეისის დაგვიანების შესახებ ინფორმაცია “კვირას“ ქუთაისის აეროპორტში დაუდასტურეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე ზაზა თავაძე 23-26 ოქტომბერს პირველი ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდა,  სადაც  მან, შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის ფარგლებში, ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

 

14881423_10210971909394599_1839541675_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები